მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების კომისიის ახალი წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა - ხელფასი ₾16 ათასიდან

ბექაური

"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა.

საქმე ის არის, რომ კომისიის წევრობის ვადა უახლოეს პერიოდში კომისიის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება, რომელიც უკვე მეორე ვადით არის წევრი და თავმჯდომარე. ასევე, ვადა გასდის ვახტანგ აბაშიძესაც, თუმცა კონკურსი მხოლოდ ერთ წევრზეა გამოცხადებული.

კანდიდატურის წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში, ანუ 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. დოკუმენტაცია მიიღება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

განკარგულების მიხედვით, კომისიის წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში: ეკონომიკა, ფინანსები, საჯარო ადმინისტრირება, ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ელექტრონული კომუნიკაციები ან ჟურნალისტიკა;
  • არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, მინიმუმ 3 წელი მმართველ თანამდებობაზე;
  • მაღალი საზოგადოებრივი აღიარება და ნდობა.

სავალდებულო დოკუმენტაცია მოიცავს:

  • განცხადებას ან წარდგენას თანხმობით კომისიის წევრად არჩევის შესახებ;
  • კანდიდატის CV;
  • პირადობის მოწმობის ასლს;
  • განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელ ცნობებს;
  • ხელწერილს ინტერესთა კონფლიქტის პირობების გაცნობასთან დაკავშირებით;
  • რეკომენდაციებს (არასავალდებულოა).

კანდიდატების სრული სია და საკონკურსო დოკუმენტები ვადის ამოწურვიდან 10 დღეში გამოქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისიაში ამჟამად 5 წევრია

  • კახი ბექაური - 2017 წლიდან დღემდე თავმჯდომარე წევრი;
  • ვახტანგ აბაშიძე - 2017 წლიდან დღემდე წევრი;
  • ნათია კუკულაძე - 2021 წლიდან დღემდე წევრი;
  • ეკატერინე იმედაძე - 2021 წლიდან დღემდე წევრი;
  • ივანე მახარაძე - 2021 წლიდან დღემდე წევრი.

მათი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, წლიური ხელფასი 192 269 ლარიდან იწყება და თავმჯდომარის შემთხვევაში 202 310 აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები