სწორია, რომ სექტორის მოსმენა დაიწყო, - ასე შეაფასა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ სამედიცინო სექტორის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან.
როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ ვეფხვაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ უწყებასთან კომუნიკაციის პრობლემა აღმოიფხვრა, რაც დისკუსიის და კომპრომისების შესაძლებლობებს იძლევა.
„კომუნიკაციის პრობლემა იყო. ერთ თვეში რაც ახალი მინისტრი აღინიშნა, იმდენჯერ იყო შეხვედრა სექტორთან, ამდენჯერ მგონი, ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ძალიან სწორია, რომ მოსმენა დაიწყო. მოსმენას რომ დაიწყებ, ნიშნავს იმას, რომ სწორ დასკვნებს გააკეთებს ის, ვინც პოლიტიკას გეგმავს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, გუშინდელი შეხვედრიდან კერძო სექტორს არსებულ პრობლემებზე კონკრეტული გადაწყვეტების მოსმენის მოლოდინი არც ჰქონიათ, მთავარი მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევების დასახელება.
„კონკრეტულ პასუხს, ცხადია, გუშინდელ შეხვედრაზე არც ველოდებოდი, საათნახევარში კონკრეტული პასუხი ვერ იქნებოდა. გუშინდელი შეხვედრიდან რაც გამოვიტანეთ, იყო ღია და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ და იმის შესახებ ოპტიმიზმი, რომ კონკრეტულ საკითხებზე გარკვეული კომპრომისები იქნება. ათი საკითხით მივედით და ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ათივე ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ცხადია, პოლიტიკის დამდგენს აქვს თავისი სტანდარტები და ამ სტანდარტებს და ჩვენს ხედვებს შორის, ვფიქრობ კომპრომისის მიღწევა სავსებით რეალურია“, - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ლევან ვეფხვაძემ ასევე განაცხადა, რომ მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოსვლის შემდეგ, უკვე არის მიღებული სწორი გადაწყვეტილება, როცა მან 51-ე და 52-ე დადგენილებების ამოქმედება გადაავადა.
„მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ წამლების იმპორტზე და სტანდარტებზე, მათ შორის აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების იმპორტზე, რომელზეც ადგილობრივი წარმოებაა დამოკიდებული, 29 თებერვალს მიღებული დადგენილებით, იმ მოთხოვნებით, რომლებიც ევროკავშირშიც კი არ არსებობს, 1-ელ აპრილს ამ სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარედგინა იმპორტიორს, შეუძლებელი იყო ამის შესრულება. საუბარია 51-52-ე დადგენილებაზე. სწორედ ამაზე საუბრით დავიწყეთ გუშინდელი შეხვედრა ჩვენ, იმის საილუსტრაციოდ, რომ დიალოგის გარეშე არ გამოვა. სწორი იყო, როგორც კი მოვიდა მინისტრი, გააკეთა შეხვედრა, რის შემდეგაც დადგენილების ამოქმედება გადავადდა. გადავადება არის დროის აღება დისკუსიისთვის“, - განაცხადა ვეფხვაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ანალოგიურად შედგება დისკუსია რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებითაც.
ცნობისთვის, სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა და პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებას, რეფერენტულ ფასებს, ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს და სხვა მიმდინარე საკითხებს.




























