მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონფლიქტის დასრულებას ორი სცენარი აქვს - როგორ შეიძლება დასრულდეს ისრაელ-ირანის დაპირისპირება?

არჩილ კეკელია

"ამ კონფლიქტის დასრულების ორი სცენარი არსებობს", - საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში არჩილ კეკელია ისრაელ-ირანის კონფლიქტის განვითარების ნაკლებად სავარაუდო და უფრო მოსალოდნელ სცენარებს ასახელებს.

„ვფიქრობ გამოსავალი იქნება დიპლომატიური. დიპლომატიურ გამოსავალში ვგულისხმობ პირველ სცენარს, რაც უფრო ნაკლებად სავარაუდო მგონია. ამ სცენარის მიხედვით, ისრაელი და ირანი, აშშ-ს, შესაძლოა სხვა ქვეყნების ჩართულობით, დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან და ირანი საბოლოოდ უარს იტყვის თავის ბირთვულ ამბიციებზე, მაგრამ მე მეორე სცენარი უფრო სავარაუდო მგონია, სადაც ისრაელი კიდევ რამდენიმე ობიექტს ან პიროვნებას გაანადგურებს, გამოაცხადებს გამარჯვებას და ამ ეტაპზე ეს კონფლიქტი შეჩერდება. ასეთ შემთხვევაში ისრაელი დარწმუნებული იქნება, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში კონფლიქტი დღის წესრიგში აღარ დაბრუნდება. თუ 2-3 წლის შემდეგ იგივე ექნებათ მათ გასაკეთებელი, ასეთ შემთხვევაში ისინი მეტ განადგურებას გამოიწვევენ ირანში“, - განაცხადა არჩილ კეკელიამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების მოვლენებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს რეგიონის ეკონომიკაზე, გამოიწვიოს ნავთობის გაძვირება, ასევე სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილების გამო, გადაზიდვებზე ფასების ზრდა და გარკვეული საინვესტიციო პროექტების შეფერხება.

კითხვაზე - რამდენად რეალურია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა? არჩილ კეკელია ამბობს, რომ სრუტის ბლოკირება ირანის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

„ჰორმუზის სრუტის მეშვეობით მსოფლიო ბაზარზე გამოდის მსოფლიო ნავთობის მარაგების 20%, დაახლოებით, 20 მლნ ბარელი დღეში. სრუტის ჩაკეტვა ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. ასეთ შემთხვევაში ირანი ასევე ჩაკეტავს საკუთარი ნავთობის ექსპორტს, მათ შორის, ჩინეთისთვის და აქ, შესაძლოა, პროცესებში ჩაერთოს ისრაელის მოკავშირე აშშ-ი. ამავე დროს, ერთია სურვილი და მეორე ტექნიკური შესაძლებლობა, რამდენად შეძლებს ირანი სრუტის ჩაკეტვას, რომლის სიგანე, ყველაზე ვიწრო ადგილას 54 კილომეტრია? არ ვფიქრობ, რომ ეს ირანის ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნავს კეკელია.

ცნობისთვის: 13 ივნისს ღამით ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას არაერთი ირანელი მაღალჩინოსანი და მეცნიერი ემსხვერპლა. ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიის ავიადარტყმების შედეგად, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაც 16 ივნისს განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა, დაიღუპა 24 ადამიანი და დაშავდა 592.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები