ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ქართული ტურიზმისთვის მნიშვნელოვან უარყოფით რისკებს შეიცავს. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენების ტურიზმის სექტორზე გავლენას აფასებს.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, საქართველოს ტურიზმის სექტორი ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ზომიერ დამოკიდებულებას აჩვენებს. კერძოდ, საერთაშორისო ვიზიტების ჯამურ რაოდენობაში ამ რეგიონის წილი 10-11%-ია, თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მისი წილი თითქმის 20%-ს აღწევს. რისი მიზეზიც არის ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტები.
ასევე მაგალითად, TBC Capital-ის ინფორმაციით, ისრაელელი ვიზიტორები საქართველოში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3 589 ლარი ხარჯავენ, საუდის არაბეთიდან უფრო მეტი 3 941 ლარი იხარჯება; ხოლო გაერთიანებული არაბთა საამიროების შემთხვევაში ეს 3 239 ლარია.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მნიშვნელოვან ნეგატიურ რისკებს წარმოშობს. არსებული შეფასებებით, 2026 წელს რეგიონიდან ტურისტული ნაკადების 6-27%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც ვიზიტორთა დანახარჯების არსებით შემცირებასაც გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელისა და საუდის არაბეთის ბაზრები საშუალოზე ბევრად მაღალი მხარჯველობით გამოირჩევა, ამ მიმართულებით ნებისმიერი ტიპის შეფერხებას, დიდი გავლენა ექნება ჯამურ ტურისტულ შემოსავლებზე", - წერს TBC Capital-ი.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, სამხედრო დაპირისპირების გავლენა ქართულ ტურიზმზე დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი.
- ხანმოკლე ესკალაცია სავარაუდოდ, გამოიწვევს ბაზრის დროებით მერყეობას. თუმცა წარსული გამოცდილება მოწმობს, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადები ხანმოკლე სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ საკმაოდ სწრაფად აღდგება.
- გაჭიანურებულმა კონფლიქტმა კი შესაძლოა გამოიწვიოს ვიზიტორთა რაოდენობის ვარდნა და შეიცვალოს ტურიზმის სტრუქტურა.
TBC Capital-ის შეფასებით, მოკლევადიანი (1-2 თვე) და საშუალოვადიანი (3-6 თვე) სცენარებით კონფლიქტის გავლენა შემდეგნაირი იქნება:
მოკლევადიანი სცენარით, ესკალაცია აპრილის შუა რიცხვებისთვის შენელდება, მანამდე კი რეგიონიდან ფრენები მეტწილად გაჩერებული დარჩება. ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადები დროებით შეწყდება, ხოლო ნაწილობრივი აღდგენა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება და მაისშიც გაგრძელდება. გაურკვევლობის ფონზე, მოთხოვნის მცირედი კლება მოსალოდნელია დანარჩენი მსოფლიოდანაც. ამ სცენარით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 220 მლნ დოლარით შემცირდება.
გახანგრძლივებული კონფლიქტის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის აღდგენა უახლოეს პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, მოთხოვნა დანარჩენი მსოფლიოდან კიდევ უფრო შესუსტდება. ხანგრძლივი არასტაბილურობა გამოიწვევს მოგზაურობისგან მასობრივ თავშეკავებას და ტურისტულ ნაკადებზე მუდმივ წნეხს.




























