ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხების კორესპონდენტის, ალექს რაფოღლუს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი “საქართველოს სანქციების” კანონპროექტის განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებს - ამის შესახებ ჟურნალისტი X-ზე, კონგრესში შიდა წყაროებზე დაყრდნობით წერს.
“განხილვა 10 ივლისს ჩაინიშნება და მოსალოდნელია, რომ კენჭის ყრა თვის ბოლომდე დასრულდება - კონგრესის წყაროებმა განმიცხადეს”, - წერს ჟურნალისტი და კანონპროექტიდან ამონარიდს აქვეყნებს.
ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავდაცვის, ვაჭრობის, უსაფრთხოების დეპარტამენტებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციით, უნდა დააიდენტიფიციროს კონკრეტული პირები, რომლებიც:
- მუშაობენ საქართველოს მთავრობაში ან მთავრობისთვის, აქვთ გავლენა საქართველოს მთავრობის ქმედებებზე;
- პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაზიანებაზე;
ამავე ვადაში, სახდეპი სანქციებს, მათ შორის სამოგზაურო შეზღუდვებს, დაუწესებს იმ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც:
- პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებლები რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, მიღებისა და ამოქმედებისთვის;
- იგივე, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობის მიღების დროს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისთვის პასუხისმგებელი პირები, პოლიტიკური ჯგუფებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები;
23 მაისს ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას MEGOBARI Act, იგივე “საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი” წარუდგინა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების გაუმჯობესებას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ ძალისხმევას, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დასახმარებლად და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით კი რუსული რეჟიმების გავლენისგან დაცვაში.