აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს, რომელსაც ასევე აზიარებს ჰელსინკის კომისიაც.
The Wall Street Journal-ის სტატიაში, „საქართველო და რუსეთის ჰიბრიდული ომი“, ნათქვამია, რომ კანონპროექტი, რომლის სპონსორობასაც კონგრესმენი გეგმავს, სახელმწიფო მდივანს მოსთხოვს, კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილებისა და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ.
„უცხოური აგენტების“ კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ.
კანონპროექტში ასევე საუბარია, შესაძლებლობაზე, რომელზეც შანსი აქვს საქართველოს, გამოიყენოს, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-თან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს, შესაძლოა, იყოს გადამწყვეტი მომენტი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რადგან მისი მოქალაქეები ცდილობენ, შეაჩერონ ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტი.