მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონიაკის საქართველოს საბაჟოზე გაჩერების გამო, ერევანმა WTO-ს და EAEU-ს უნდა მიმართოს - სომხეთის დამსაქმებელთა კავშირი

კონიაკი

სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს საბაჟოზე სომხური კონიაკით დატვირთული მანქანების დიდი ხნით გაჩერების საკითხზე, სომხეთის ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და ევრაზიულ კავშირს უნდა მიმართონ, რადგან ქართული მხარიდან პრობლემის გადაჭრის ნაბიჯებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ერევანში საქართველოს საელჩოსთან კონიაკის მწარმოებლების მიერ 21 მაისს გამართულ, მეორე საპროტესტო აქციაზე დასწრებისას განაცხადა.

„თუ ხვალ ან ზეგ ყურძენს აღარ შეიძენენ მეწარმეები, წარმოიდგინეთ რა უკმაყოფილება იქნება მევენახეებში, ამან შეიძლება ფერმერებს, კონიაკისა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. მწარმოებლებს შესყიდვებზე უარის თქმა მოუწევთ, რადგან მათ არ იციან მომავალში რა იქნება.

ვფიქრობ, სომხეთმა უნდა მიმართოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, როგორც ორგანიზაციის წევრმა, ისე ტვირთებიც საბოლოოდ გაერთიანების ქვეყნებში ჩადის, კონკრეტულად კი რუსეთში. საჭიროა გაკეთდეს მიმართვა, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ისე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ვფიქრობ, საქართველოს საელჩო არაფერს მოიმოქმედებს, მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო უწყებები არ უნდა გაჩუმდნენ. ხელისუფლება გადასახადის გადამხდელების, მოქალაქეების გვერდით უნდა იყოს, რომლებიც ამ წარმოებებში მუშაობენ. ეს მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული სექტორია, რომელიც ექსპორტს ახორციელებს“, - აღნიშნა მაკარიანმა.

პროტესტის მონაწილე კონიაკის მწარმოებლების განმარტებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ კონიაკი, რომელიც რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებში ექსპორტისთვის არის განკუთვნილი, მუდმივ ლაბორატორიულ შემოწმებებს ექვემდებარება, რაც აფერხებს ტვირთის ტრანსპორტირებას და ფინანსურ დანაკარგებს აჩენს. კონიაკის მწარმოებლებისთვის გაურკვეველია - რატომ ხსნიან საქართველოში ტრანსპორტირებად საქონელს ლუქებს, მაშინ როდესაც საქართველო მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანაა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დიდი ხანია საქართველოს სახმელეთო საზღვრით სომხური პროდუქტის გადაზიდვები შეფერხებით ხდება.

აღსანიშნია, რომ 13 მაისს გამართული აქციის შემდეგ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა სომეხი მწარმოებლების პროტესტი გაამართლა და განაცხადა, რომ ის თავად ეწვევა საქართველოს ამ საკითხის მოსაგვარებლად.

როგორც BM.GE-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს. რედაქციამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციის მოსასმენად და იმის გასარკვევად, თუ რამდენი მანქანა და რა პერიოდის განმავლობაში ჩერდება თითოეული კონტროლის მიზნით საბაჟოზე, ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები