გასული კვირის ბოლოს ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩაინგრა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდა. საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით არის შესაძლებელი. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
CIT Georgia-ს დირექტორის ტიტე ჯიშიაშვილის თქმით, უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიზეზი ერთი მხრივ მოძველებული, ე.წ. "გოსტ" სტანდარტებით მშენებლობა, მეორე მხრივ კი შესრულებული პროექტებზე გაცემული ლაბორატორიული დასკვნებია.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, ხშირად დასკვნები მიკერძოებულად გაიცემა, რაც გზების თუ ხიდების მოკლე დროში გაფუჭების საფუძველი ხდება.
„საქართველოში თითოეული პროექტის მშენებლობისთვის იურიდიულად დაშვებულია 37 ქვეყნის სტანდარტი, მათ შორის როგორც ევროპული, ისე სხვა ქვეყნის, თუმცა ძირითად გამოყენებაში არის "გოსტ" საბჭორთა კავშირის ნორმები, რომელიც დღეს არცერთ ქვეყანაში აღარ მოქმედებს, ჩვენთან ეს პრობლემა ძალიან მასშტაბურია.
ასფალტის ფენებთან მიმართებით შესაძლებელია რაღაცა აკმაყოფილებდეს საბჭოთა კავშირის სტანდარტის მაშინდელ მოთხოვნებს, თუმცა დღევანდელობაში მოდის წინააღმდეგობაში და ვიღებთ ცუდ ხარისხს. ცუდი ხარისხი იწვევს იმას, რომ თუ კონკრეტულ გზას თუ ხიდს უნდა ემუშავა 10 წელი, მუშაობს 2 წელი.
ევროპაში ყოველწლიურად ხდება ამის განახლება. გერმანიაში მაგალითად ყოველწლიურად მიდის ტექნიკური ნორმატივების განვითარება. ჩვენთან 1978 წელს რომ დაიწერა ისევ იმით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია როცა ვითარდება ყველაფერი, მანქანების ინტენსივობა იზრდება, საჭიროა სიახლეების შემოტანა. ამ სექტორში ერთეულები არან ვინც ჩვენთან ერთად განვითარდნენ და მათ შეუძლიათ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა ბაზარი იმდენად დიდია, რომ ეს ყველაზე ვერ ვრცელდება. ის რომ შესრულებულ სამუშაოზე ითხოვენ საზედამხედველო ორგანიზაციების მხრიდან ლაბორატორიულ დასკვნებს სწორი პრინციპია, თუმცა ეს დასკვნები მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამ ნაწილში რიგი პრობლემები არსებობს. ჩვენთვის დაურეკავთ და ისეთი რამეები უკითხავთ, რომელიც თუ მსგავს ქმედებას მიჩვეულები არ არიან, შეუძლებელია სხვა შემთხვევაში დასვას მხარემ.
პრობლემები არსებობს ყველა მიმართულებით, ჩვენ ამაზე 10 წელია უკვე ვდარდობთ და ვსაუბრობთ. სადღაც სოფელში გზა რომ გაკეთდა და დაიხარჯა 5 მლნ, ეს გზა უნდა მოხმარდეს სოფელს დიდი ხანი. ვხედავთ, რომ იქ პრობლემებია როგორც ლაბორატორიულ ნაწილში, ისე სტანდარტებში, რომელიც სრულიად წარმოდგენილია,“ - განაცხადა ჯიშიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, “კავკასიის ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია(CIT)”აისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ქართულ-ავსტრიული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამშენებლო სამუშაოების როგორც ლაბორატორიული შემოწმებას, ასევე საზედამხედველო სამუშაოების ჩატარებას სთავაზობს. უახლესი, ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამშენებლო ლაბორატორია კვლევებს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს და მომსახურებას მსურველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. თავად ლაბორატორიის კომპეტენციას კი აკრედიტაციის ცენტრი ადგენს, რომელიც აკრედიტაციას 4 წლის ვადით ანიჭებს და ამის შემდგომ, ყოველწლიურად მის მონიტორინგს ახორციელებს.