მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის შემცირება და მედიკამენტების გაძვირება - დეპუტატი ტიკარაძის კანონპროექტზე

5eecbda4e5c71
ინგა მურუსიძე
19.06.20 22:21
1386
საქართველოში ახალი მედიკამენტების ხარისხის აღიარების პროცესს დღეს ერთი კვირა სჭირდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მედიკამენტების რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, ახალი წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება. საუბარია პროცესზე, როდესაც მედიკამენტის რეგისტრაციით დაინტერესებული კომპანიები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარუდგენენ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული მედიკამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეგულირების სააგენტოს მიერ არის ლიცენზირებული, რის საფუძველზეც მედიკამენტი “აღიარების რეჟიმის” ფარგლებში ერთი კვირის ვადაში, საქართველოშიც იღებს ლიცენზიას.

საკითხზე საუბრისას სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ თქვა, რომ 7-დღიანი ვადის 30 დღემდე გაზრდა აუცილებელია, რათა სამინისტრომ ახალი მედიკამენტის რეგისტრაციის განაცხადი უფრო დეტალურად შეისწავლოს. თავის მხრივ, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებები გარკვეულწილად ბიზნესის ხელშესაწყობად კეთდება. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტის სამუშაო ვერსიას, განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მთავარი მოტივატორი ევროკავშირთან ჰარმონიზაციაა. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ კანონპროექტის მიღებით შემცირდება კონკურენცია და გაიზრდება მედიკამენტების ფასები. ამის შესახებ მან „საქმიანი დილაში" ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში ისაუბრა:

„საგანგებო მდგომარეობის დროს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა დადგენილება, რომელსაც მაშინ კანონის ძალა ჰქონდა და განისაზღვრა, რომ ეს პერიოდები, როცა წამლის რეგისტრაციას სჭირდებოდა 5-7 დღე, გახანგრძლივდებოდა 1 თვე. არგუმენტაციები იყო, რომ ვერ ესწრებოდა დოკუმენტების შესწავლა; თუ ვერ ასწრებენ, დაამატონ თანამშრომლები, მაგრამ რას ვერ ასწრებენ, არ მესმის. ბაზები არის ღია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ერთ საათში დაარეგისტრიროს პრეპარატი. ეს ერთი თვე შემოვიდა მაშინ და გაუგებარია, რატომ გახდა, აუცილებელი ვადების გაზრდა. როგორც კი საგანგებო მდგომარეობის დროს დავინახე, რომ ეს მოხდა, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი და მოსაზრება, რომ თანმდევი პროცესები იქნებოდა.

ის ჩანაწერი, რაც მთავრობის დადგენილებაში იყო, უნდათ, კანონში ასახონ.  ეს გამოიწვევს კონკურენციის შემცირებას, ნაკლები კომპანია დაარეგისტრირებს მედიკამენტებს. ასევე, გამოიწვევს ფასების მატებას, რადგან ნაკლები კონკურენციის პირობებში ფასები აუცილებლად იზრდება. ასევე, მოსალოდნელია ხელმისაწვდომობის შემცირება და შესაძლოა, დეფიციტიც მივიღოთ, ვინაიდან მედიკამენტების რეგისტრაციით მხოლოდ მწარმოებელი კომპანიები ან მათთან აფილირებულები განახორცელებენ. რეალურად, 2013 წლამდე მედიკამენტებზე ფასების ინდექსები დაბლა მოდიოდა, 2013 წლის შემდეგ კი, პირიქით არის“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები