ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია კომპანიებს არაობიექტური ფასების დაწესების საშუალებას არ აძლევს - ამის შესახებ BMG-სთან „ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს. მისი თქმით, ბაზარი თავად არეგულირებს პროცესებს და ნებისმიერი არასწორი საფასო პოლიტიკა, პირველ რიგში, თავად იმპორტიორს აზარალებს.
როგორც ვასილ ხორავა აღნიშნავს, საწვავის ბაზარზე მომხმარებლისთვის ბრძოლა იმდენად დიდია, რომ ფასნამატის თვითნებური ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ბაზარზე იმდენად მაღალია კონკურენცია, რომ თუ ვინმე არაობიექტურ ფასს დაადებს, ის უბრალოდ ვერ გაყიდის პროდუქტს. კონკურენცია ამას ყველაფერს არეგულირებს იმ თვალსაზრისით, რომ არაადეკვატური ფასი ბაზარზე ვერ იმუშავებს. ძალიან ბევრი იმპორტიორია და ვინმე თუ არასწორად მოიქცევა, თავისი არასწორი ფასით თვითონვე დაისჯება“, - აცხადებს ხორავა BMG-სთან.
მისივე თქმით, კომპანიის პასუხისმგებლობაა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას მაქსიმალურად ეცადოს, თუმცა საოპერაციო ხარჯებისა და მოგებიანობის გათვალისწინებით, ფასნამატი გარდაუვალია.
„თუ გამოუვალი სიტუაციაა და კომპანიისთვის საოპერაციო ხარჯებისა და მოგებიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა ფასნამატი, ის უნდა გავაკეთოთ, მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ უნდა მივყვეთ ამას თანმიმდევრულად, პასუხისმგებლობით და პატიოსნად, რომ ეს თემა არავინ გამოიყენოს. მაგრამ ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ თუ ვინმე არაობიექტურ ფასს დაადებს, ის პროდუქტს უბრალოდ ვერ გაყიდის“, - აცხადებს ვასილ ხორავა.
მისივე თქმით, „ვისოლმა“ ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მკვეთრი ნახტომის თავიდან აცილება ძველი მარაგებისა და ახალი იმპორტის დაბალანსებით მოახერხა. „შეწონილ ფასმა“ კი, კომპანიას საშუალება მისცა, საერთაშორისო ბაზარზე არსებული რყევების ფონზე, მომხმარებლისთვის შედარებით დაბალი ფასი შეეთავაზებინა.
„მარაგებმა გვიშველა, იმიტომ რომ ფასი მყისიერად არ გავზარდეთ. მარაგების საშუალო შეწონილი ფასი მიმდინარე იმპორტთან უფრო დაბალი იყო, ვიდრე პირდაპირ იმპორტის ფასზე რომ გადავსულიყავით. იყო მარაგები, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, რომ იაფიანის და ძვირიანის ნაზავით გამოსულიყო შედარებით დაბალი ფასი. თუმცა, მარაგები, ბუნებრივია, ამოწურვადია, ძალიან მცირედი ნაწილია უკვე დარჩენილი“, - განმარტა მან.
რაც შეეხება მოლოდინებს, ვასილ ხორავას განცხადებით, ყველაფერი ივნისის თვის საერთაშორისო (PLATTS) საშუალო ნიშნულზე იქნება დამოკიდებული. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასი კლებისკენ წავა, რაც პირდაპირ კავშირშია რეგიონში ომის დასრულებასთან.
კითხვაზე, თუ რატომ არ იმარაგებენ იმპორტიორები საქართველოში დიდი მოცულობით საწვავს, ხორავა პასუხობს, რომ ეს არც ინფრასტრუქტურულად და არც ეკონომიკურად არ არის გამართლებული. მისი თქმით, დიდი მარაგების შენახვა საბოლოო ჯამში, პროდუქტს აძვირებს.
„დიდი მარაგების შექმნა დამატებით გაძვირებას იწვევს. პირდაპირ კავშირშია დანახარჯებთან: პირველი - ეს არის ფულის ღირებულება - დღეს ფული არ ღირს იაფი; მეორე, ინფრასტრუქტურული დეფიციტი; მესამე, დაზღვევა და აორთქლებით გამოწვეული დანაკარგები - რაც დიდხანს შეინახავ პროდუქტს, მით მეტი დაზღვევის გადასახადი გიწევს. ყველაფერი ეს იკრიბება და მერე აისახება ფასში“ - განმარტავს ვასილ ხორავა და აღნიშნავს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ქარხნიდან იმპორტი 2-3 კვირაში განხორციელდეს, ამიტომ თვეობით პროდუქტის დასაწყობების აუცილებლობა არ დგას.
წელს 4 თვეში, საქართველოში 525 ათასი ტონაზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 562 ათას ტონას აჭარბებდა. 4 თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტი 6,6%-ითაა შემცირებული.




























