საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფარმასი“ და შპს „პიქსელ ტაჩი“ უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებების არშესრულების გამო დააჯარიმა. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, შპს „ფარმასს“ 4 269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს", - იტყობინება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
უწყების ცნობით, ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
bm.ge შპს „პიქსელ ტაჩს“ დაუკავშირდა, რომელიც ქუთაისში მობილური ტელეფონების მაღაზიას - "პიქსელ მობის" ფლობს. როგორც კომპანიის დირექტორი ჯაბა ჯიხვაძე ამბობს, მომხმარებელი დაზიანებული ტელეფონის დროულად ვერშეკეთების გამო ჩიოდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ მისი დაკმაყოფილება უზრუნველყო.
"მომხმარებლის პრობლემა გამოსწორდა და გამართული ტელეფონი წაიღო. უბრალოდ კომპანიიდან იმ პასუხისმგებელ პირს, ვისაც კონკურენციის სააგენტოსთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, გადაავიწყდა. შესაბამისად დავჯარიმდით. ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას", - ამბობს ჯაბა ჯიხვაძე.
bm.ge კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით მეორე დაჯარიმებულ კომპანია შპს "ფარმასისთან" დაკავშირებასაც ცდილობს.
ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.