მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაიწყო

რუსთავი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 მოკვლევა დაიწყო - “რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე და საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევაზე.

"პირველი მოკვლევა ავტოიმპორტიორი კერძო პირების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, სადაც მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს "რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას.

მეორე მოკვლევის საქმე შეეხება საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის სფეროში მოქმედი სუბიექტის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის სავარაუდო მითვისებას ფაქტს.

კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფები, რომელსაც საკითხების შესწავლა დაევალა.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვების მიმართულებით. 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო 5 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები