საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი დოკუმენტი მოამზადა. როგორც სააგენტო იტყობინება, დოკუმენტი ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის, ბაზრის გამართულად ფუნქციონირების, არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და მათი ინტერესების დაცვის მიზნით მომზადდა. დოკუმენტი მოიცავს მაგალითად ისეთ ჩანაწერებს, როგორიცაა რესტორნების მენიუში საკვების საბოლოო ფასის მითითების აუცილებლობა და სხვა.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლის მხრიდან კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილების მიღების დროს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის - ფასი. შესაბამისად, სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, დოკუმენტი მოიცავს შემდგომ ძირითად მითითებებს:
- ერთეულის ფასის სტანდარტი: საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ იწონება/იზომება, უნდა მიეთითოს ერთეულის (1 კილოგრამი, 1 ლიტრი, 1 მეტრი, 1 კვადრატული მეტრი და ა.შ.) ფასი.
- ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი: მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული), ფასდაკლებული და აღნიშნულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი. (რეგულაცია არ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს. აგრეთვე, მედიკამენტებზე).
- რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი: თუკი მოვაჭრე კონკრეტული საქონლის ან/და მომსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი რეალიზაციის მიზნით, მაშინ სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია ფასის მითითება.
- კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი: ბარებსა და რესტორნებში - მენიუში მოცემული უნდა იყოს საკვების და სასმელის საბოლოო ფასი, რომელიც მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსა და სხვა ხარჯებს (მათ შორის მომსახურების საფასურს). მენიუს ბოლოში მითითება, რომ ფასში არ შედის „დღგ“ და მომსახურების გადასახადი - არის კანონის დარღვევა.
დოკუმენტის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. სახელმძღვანელო ეფუძნება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას", - იტყობინება კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.