მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტომ თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგი განაახლა

მოცვი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თხილის და მოცვის ბაზრების მონიტორინგი განაახლა.

როგორც GCCA-ში აღნიშნავენ, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.

"GCCA-ის მიერ მოცვის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით, 2020-2024 წლებში, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 660%-ით მეტი მოცვი (4969 ტონა) ვიდრე 2020 წელს (654 ტონა). ღირებულებით ნაწილში კი ზრდამ შეადგინა 595%, 2020 წელს ექსპორტირებულია 11,4 მლნ. ლარის მოცვი, ხოლო 2024 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 78,420 მლნ. ლარამდე გაიზარდა.

2020-2022 წლებში, შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია, ხოლო 2023-2024 წლებში ინდექსი მხოლოდ მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ ზღვარს. ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა მზარდია. 2024 წლის მდგომარეობით ექსპორტს 51 კომპანია ახორციელებდა. 2020 -2024 წლის პერიოდში 5 მსხვილი კომპანიის წილი 54%-63%-ის არეალში იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება თხილის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს - 2020-2023 წლებში, ხუთი მსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-დან 47%-მდე მერყეობდა. საანგარიშო პერიოდში, თხილის ექსპორტი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდებოდა იტალიაში (32%), რომელსაც მოჰყვება გერმანია (20%), სომხეთი (7%) და რუსეთი (4%).

საქართველოდან 2020 წელს - 289,8 მლნ. ლარის ღირებულების 16 675 ტონა, 2021 წელს - 365.7 მლნ. ლარის ღირებულების 23 465 ტონა, 2022 წელს - 277.1 მლნ. ლარის ღირებულების 21 848 ტონა, ხოლო 2023 წელს - 219.2 მლნ ლარის ღირებულების 16 169 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 65-80 ერთეულის ფარგლებში მერყეობდა",- აღნიშნულია GCCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს მონიტორინგის ფარგლებში სწავლობს - პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები