საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების დაჯავშნის კომპანია tkt.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა- ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
GCCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს.
"GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
მომხმარებელს ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ვებ-გვერდზე www.tkt.ge განთავსებული მომსახურების თაობაზე, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ღონისძიებაზე შეზღუდული ხილვადობის სტატუსის ადგილების შესახებ.
აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად,"- ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.