გასულ წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლო დავების რაოდენობა გაიზარდა.
სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, სხვადასხვა ინსტანციაში, 24 მიმდინარე სასამართლო დავაა სააგენტოს მიერ მიღებულ 22 გადაწყვეტილებაზე. მაშინ, როდესაც 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოში 16 დავა იყო, 14 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
უფრო დეტალურად, 24 სასამართლო დავა თემატურად ასე ნაწილდება:
- კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ფაქტზე - 8 დავა;
- სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტზე - 7 დავა;
- არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევებზე - 4 დავა;
- დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე - 2 დავა;
- მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით - 2 დავა;
- ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო ჯარიმის საკითხზე - 1 დავა.
რაც შეეხება უკვე დასრულებულ დავებს, 2014-2023 წლებში სააგენტოს სასარგებლოდ 12 დავა დასრულდა.
გასულ წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, საიდანაც გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების თემა - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. საგულისხმოა, რომ სამივე შემთხვევაში კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.