2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევის მიმართულებით კომპანიებს ჯამში 58 419 983 ლარის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამ თანხიდან უდიდესი ნაწილი (53 მლნ ლარი) ფარმაცევტულ კომპანიებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ გასული წელი სააგენტოს მიერ ბიზნესისთვის დაკისრებული ჯარიმის მოცულობით რეკორდული იყო. 2014-2023 წლების მთლიანი ჯარიმების (₾116.2 მლნ) ნახევარი სწორედ 2023 წელზე მოდის.
გასულ წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, საიდანაც გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების თემა - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. საგულისხმოა, რომ სამივე შემთხვევაში კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
ᲤᲐᲠᲛᲐᲪᲔᲕᲢᲣᲚᲘ ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔ
სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. მოკვლევით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს შეთანხმებულ ფასები ჰქონდათ.
კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმით დარღვევისთვის, სააგენტომ კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრა:
- ავერსი: 14 402 425 ლარი;
- გეფა: 20 349 336 ლარი;
- პსპ: 17 094 872 ლარი;
- მერმისი: 951 301 ლარი.
კომპანიები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრეს.
ᲙᲘᲜᲝᲗᲔᲐᲢᲠᲘᲡ ᲑᲘᲚᲔᲗᲔᲑᲘᲡ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲠᲔᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔ
სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გამოავლინა. საქმის ფარგლებში როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეებს - 3 კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ:
- ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს - „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) - 1 120 562 ლარი;
- შპს „თინეთს“ (100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC-ს) - 544 328 ლარი;
- შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) - 5 368 ლარი.
სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ Cavea-ს და Biletebi.ge-ის მფლობელები და აცხადებდნენ, რომ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.
ᲜᲐᲕᲗᲝᲑᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔ
საკითხი ეხებოდა 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მიზეზი 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედება იყო.
სააგენტომ კომპანიები ჯამში 4 ᲛᲘᲚᲘᲝᲜ ᲚᲐᲠᲐᲛᲓᲔ თანხით დააჯარიმა:
- შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯია” - 1 073 998 ლარი;
- შპს “რომპეტროლ საქართველო” - 987 886 ლარი;
- შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” - 719 310 ლარი;
- სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” - 693 576 ლარი;
- შპს “ლუკოილ ჯორჯია” - 450 590 ლარი.
ამ შემთხვევაშიც, კომპანიებმა ჯარიმა სასამართლოსი გაასაჩივრეს.
გასულ წელს, ორ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურებისა და ქალაქის ტურის მომსახურების საქმეებზე, განმეორებითი ჯარიმა გამოიწერა.
მიმდინარეა მოკვლევის ორი საქმე: “რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე და საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევაზე.