როგორც ცნობილია კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ Cavea-ს, tkt.ge-ის და Biletebi.ge-ის მფლობელები ჯამში 1.6 მილიონი ლარით დააჯარიმა. სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთახმებიან Cavea-ს და Biletebi.ge-ის მფლობელები და ამბობენ, რომ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო "თინეთში" ამბობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ და პოზიციას მოგვიანებით გააჟღერებენ.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძე გადაცემა “საქმის კურსში” აცხადებს, რომ კომპანიებს აქვთ უფლება გადაწყვეტილებას არ დაეთანხმონ და გაასაჩივრონ. მისი თქმით, სააგენტო გადაწყვეტილების პროექტს ყველა ინსტანციაში დაიცავს.
“თქვენ ახსენეთ, რომ კომპანიები არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და აპირებენ სასამართლოში გასაჩივრებას. ეს არის ბუნებრივი პროცესი, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება გადის სასამართლო კონტროლს, ამიტომ ალბათ ეს პროექტიც გასაჩივრდება, ჩვენ მზად ვართ ჩვენი პროექტი დავიცვათ ყველა სასამართლო ინსტანციაში. კომპანიების უფლებაა, არ დაგვეთანხმონ და მოახდინონ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება”, - ამბობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძე.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პარტნიორი ეკონომიკური აგენტების შერჩევის პროცესი უნდა განხორციელდეს საჯარო, ღია და ხელმისაწვდომი საკონკურსო პირობების გათვალისწინებით, ხოლო შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული ეკონომიკური აგენტისთვის. კითხვაზე, ამ შემთხვევაში ხომ არ ხდება ორ კერძო ბიზნეს სუბიექტს შორის მოლაპარაკებებში უხეში ჩარევა, ირაკლი ლექვინაძე გვპასუხობს, რომ ექსკლუზივის პირობები ღია და საჯარო იქნება, ამ შემთხვევაში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ მოხდება. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში Cavea-სა და tkt.ge-ის შორის ექსკლუზიურ პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რამაც ერთ მხარეს მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა.
“ექსკლუზივის პირობა ორ სუბიექტს შორის რაიმე ტიპის დარღვევას ან კონკურენციის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუ ეს ექსკლუზივის პირობა არის წინასწარ ცნობილი, პირობები არის გაცხადებული და ბაზრის ყველა მონაწილემ იცის რა პირობებით და რა ვალდებულებებით შეიძლება მოიპოვოს ექსკლუზიური კონკრეტული სერვისით სარგებლობის უფლება.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ გადაწყვეტილებაში, რომ ექსკლუზიური უფლება, რომლითაც მიენიჭა ერთ კომპანიას კინოთეატრის ბილეთების გაყიდვის უფლება არ იყო ღია და საჯარო, ის არ იყო ცნობილი ბაზრის ყველა მონაწილისთვის. ეს მიმდინარეობდა დახურული მოლაპარაკების რეჟიმში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ერთი მხარისთვის ძალიან დიდი უპირატესობის მინიჭება და სხვა მონაწილეებისთვის ჩაიკეტა ბაზარი. ეს არის დარღვევის მთელი შინაარსი და ჩვენი შეფასების მთავარი საფუძველი. ის რომ ყოფილიყო ღიად და საჯაროდ გაცხადებული პირობები, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, კონკურენციის სამართალთან ეს წინააღმდეგობაში არ მოვიდოდა.
ამიტომ ჩვენი რეკომენდაციების, რომელიც კულტურული, საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის არის გათვალისწინებული და არის სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაციები, მნიშვნელოვანია, რომ მომავალში იყოს გათვალისწინებული. თუ რომელიმე მხარე გადაწყვეტს, რომ რომელიმე მსგავსი ტიპის ვებ პლატფორმას ონლაინ გაყიდვებისას მიანიჭოს ექსკლუზიური უფლებები, ასეთი პირობა უნდა იყოს საჯაროდ გამოცხადებული. პირობები უნდა იყოს ღია და ცნობილი ყველა ბაზრის მონაწილისთვის”, - ამბობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძე.