კონკურენციის სააგენტოში მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია, რაც პირდაპირ კავშირშია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის მატებასთან - ამის შესახებ BMG-სთან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.
მისი თქმით, გასული წელი უწყებისთვის საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მონაცემები კიდევ უფრო შთამბეჭდავ ზრდას აჩვენებს:
„გასულ წელს დაახლოებით 1500-მდე განაცხადი განვიხილეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ეს არის 65%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. თუ მიმდინარე წელს შევხედავთ, ორი თვის მონაცემებით, თითქმის გაორმაგებულია მომართვიანობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების შესახებ.
მიღებული გადაწყვეტილებებიდან თითქმის 90% წყდება მოქალაქეების სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას თანხა უბრუნდება, ზოგი ნივთის შეცვლას ითხოვს და ხდება დარღვეული უფლებების აღდგენა. ძირითადი მოთხოვნა მაინც, თანხის უკან დაბრუნებაა. გასული წლის მონაცემებით, ჩვენი ჩართულობით, დაახლოებით 1 მილიონამდე ლარის დაბრუნება შეძლეს მომხმარებლებმა საკუთარი პრეტენზიების შესაბამისად” - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
მისივე ცნობით, საჩივრების რაოდენობით, ონლაინ ვაჭრობის სექტორი ლიდერობს - დისტანციური შესყიდვებისას მომხმარებელს ხშირად უჭირს პროდუქტის რეალური მახასიათებლების შეფასება, რაც შემდგომში, დავის საგანი ხდება.
“ტანსაცმლით და ტექნიკით ვაჭრობა არის წამყვან პოზიციებზე ინდუსტრიულ ჭრილში თუ შევხედავთ, ასევე ტრანსპორტი და ე.წ. დელივერი სერვისები.“
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს გამარტივებულ პროცედურას, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ფინანსურ ხარჯებს და დავების მოკლე ვადაში გადაჭრას უზრუნველყოფს.
„ჩვენი მიზანია, ბევრმა იცოდეს საკუთარი უფლების შესახებ. თუ მოვაჭრესთან წააწყდებიან გარკვეულ პრობლემებს, ჩვენი უწყება მზად არის, რომ ყოველგვარი დანახარჯების გარეშე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში განიხილოს ეს პრეტენზია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“
თბილისში მომხმარებელთა დაცვის კვირეული გაიხსნა, რომელიც დედაქალაქის შემდეგ, რეგიონებში გადაინაცვლებს. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პირისპირ შეხვდნენ მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს და თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი საქართველოში 2022 წლიდან ამოქმედდა და მასზე ზედამხედველობას სხვადასხვა სექტორში შესაბამისი მარეგულირებლები, მათ შორის კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.




























