ფასების საკითხი სცილდება ერთი უწყების შესაძლებლობებს - ასე პასუხობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე კითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო ფასებთან დაკავშირებით დამატებითი კომისიების შექმნა და მათში სუს-ის ჩართვა იმ პირობებში, როდესაც პრობლემები სააგენტოს მიერ უკვე იდენტიფიცირებული იყო.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სპეციალური პლატფორმების შექმნის შესახებ, კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად სწორი ნაბიჯია.
“ეს საკითხი საკმაოდ ბევრი წლის მანძილზე დისკუსიის საგანია და ის კონკრეტულად ჩვენი უწყების ან რომელიმე ერთი უწყების შესაძლებლობებს სცილდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან სწორად შეიქმნა პლატფორმები, როგორც სამთავრობო კომისიის ხაზით, ასევე საპარლამენტო კომისიის მიმართულებით. შესაბამისად, დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომელსაც ორივე კომისია მიიღებს, შეჯერდება, იქნება კომპლექსური და ამ სადისკუსიო საკითხების გადაჭრას მიეხმარება” - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
მისი განმარტებით, ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების გავლენა იზრდება, რადგან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხუთი უმსხვილესი კომპანიის ჯამური წილი საგრძნობლად გაიზარდა:
„ამ ბაზარზე დინამიკური განვითარებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სექტორი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, ბოლო სურათი რომ ვნახოთ, სამი მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით 29%-მდეა - ერთი წლის წინ ეს დაახლოებით 32% იყო. თუმცა, ხუთი მსხვილი კომპანიის წილი არის სადღაც 60% - როცა წინა წელს იყო 45%. ეს აჩვენებს, როგორია მზარდი დინამიკა.“
ლექვინაძის განმარტებით, დომინანტური მდგომარეობის შეფასებისას, კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს პროცენტულ ზღვრებს, რომელთა გარეშეც სააგენტო სანქცირებას ვერ დაიწყებს.
„რატომ ვამბობ ამ პროცენტებს? იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტომ იმოქმედოს და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა შეაფასოს, მაგალითად, ერთი კომპანიის შემთხვევაში წილი უნდა იყოს 40%, სამის შემთხვევაში - 50% და ხუთის შემთხვევაში - 80%. ჯერ ეს პროცესი (ამ მაჩვენებლების მიღწევა) ჩვენ არ გვაქვს. თუმცა, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალთა ბალანსს შორის გარკვეული დისპროპორცია არის” - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ამასთან, სააგენტოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ფასები, არამედ მსხვილ რითეილერებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის არსებული ურთიერთობებია, რაც საბოლოოდ, მცირე მეწარმეებს აზარალებს.
„არიან მსხვილი მოთამაშეები, როგორც FMCG-ის მხარეს, ასევე დისტრიბუციის მხარეს და მათ შორის გარკვეული მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება კონკურენციის გარკვეულ ჭრილში მიმდინარეობდეს, მაგრამ ეს დინამიკა გარკვეულ წნეხს ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესზე და მათთვის გარკვეული ბარიერია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც სამთავრობო და საპარლამენტო კომისია მიიღებს, მიეხმარება კონკურენციას, იყოს უფრო ეფექტური და ჯანსაღი.
საკითხი არის კომპლექსური. კომისიების მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, შეიქმნება დამატებითი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციის უფრო მეტად გაუმჯობესებას და იმ დისპროპორციების აღმოფხვრას, რომელიც დღეს მხარეებს შორის შეიძლება იყოს.“
კითხვაზე - იზიარებს თუ არა კონკურენციის სააგენტო მთავრობის მიერ გაჟღერებულ “ერთი უბანი - ერთი მარკეტის” პრინციპს, ლექვინაძე ამბობს, რომ FMCG ბაზარზე "ძალთა სწორი ბალანსის" საჭიროება ნამდვილად დგას.
“ფაქტი ერთია, FMCG ბაზარზე გვაქვს დინამიკური განვითარება, ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ამ განვითარების ფონზე მნიშვნელოვანია რომ ძალთა სწორი ბალანსი არსებობდეს. აქ არის გარკვეული ხარვეზი და ვფიქრობ, რომ აი, აქ სჭირდება კონკურენციას გარკვეული მხარდაჭერა” - ამბობს ლექვინაძე.




























