მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონორ მაკგრეგორი პოლიტიკაში? - ირლანდიელი მებრძოლი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

კონორი ტრამპს შეხვდა

ირლანდიაში წმინდა პატრიკის დღე აღინიშნა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ირლანდიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა და ლეგენდარული შერეული საბრძოლო ხელოვანი კონორ მაკგრეგორი მიიწვია.

მხარეების შეხვედრის შესახებ ცნობილი პირველად ტრამპის პრესმდივნის კაროლინა ლიუიტისგან გახდა, რომელმაც წინასწარ დაადასტურა, რომ წმინდა პატრიკის დღეს ირლანდიელი თეთრი სახლის საპატიო სტუმარი იქნებოდა.

მაკგრეგორი ოვალურ კაბინეტს ოჯახთან ერთად ესტუმრა, სადაც სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს თანახმად დონალდ ტრამპის სამუშაო ეთიკას “შთამაგონებელი” უწოდა.

ირლანდიელი მებრძოლი ცნობილია მემარჯვენე და ანტი იმიგრანტული მოწოდებებით, რის გამოც ამერიკაში კონსერვატიული ამომრჩევლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს.
მაკგრეგორმა არაერთხელ გამოთქვა ირლანდიის პრეზიდენტობის სურვილი, ხოლო მისი პროგრამა მთლიანად დაფუძნებული იქნება ანტი იმიგრანტულ პლატფორმაზე.

ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებს სჭირდებათ მინიმუმ 20 მოქმედი პარლამენტის ან ოთხი ადგილობრივი საბჭოს წევრის ოფიციალური მხარდაჭერა.
ირლანდიის პრემიერ მინისტრმა მაიკლ მარტინმა აღნიშნა, რომ ემიგრაციასთან დაკავშირებით მაკგრეგორის შეხედულებები საერთოდ არ ასახავს წმინდა პატრიკის დღის სულს და არ გამოხატავს ირლანდიელი ხალხის მოსაზრებებს.

რაც შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრ საიმონ ჰარისს, ნიუ-იორკში, წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ტრამპს ნებისმიერი პიროვნების თეთრ სახლში მიწვევის უფლება აქვს, მაგრამ მაკგრეგორს არ აქვს მანდატი ისაუბროს ირლანდიის სახელით”.

მაკგრეგორი რეგულარულად აკრიტიკებს ირლანდიის მთავრობას, მოსამართლეებს და საიმიგრაციო სისტემას თავის სოციალურ მედიაში. მან თეთრი სახლის ბრიფინგზე, განაცხადა, რომ დრო მოვიდა აშშ-მ გააცნობიეროს ირლანდიაში არსებული ვითარება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, რვა ქალისა და ოთხი კაცისგან შემდგარმა დუბლინის ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა, 36 წლის მაკგრეგორი 2018 წლის დეკემბერში ქალის გაუპატიურებისთვის დამნაშავედ ცნო, რის გამოც მსხვერპლისთვის 250 000 ევროს ოდენობით თანხის გადახდა და იურიდიული გადასახადების უდიდესი ნაწილის დაფარვაც დააკისრა, რომელიც მილიონ ევროს აღემატება. მოგვიანებით, მაკგრეგორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები