მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსესუსი, რომლამდეც "ბორჯომი“ და გაფიცული დასაქმებულები მივიდნენ - ვინ რა დათმო?

62b1da369f88a
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.22 19:15
1171
6 ივნისს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა IDS Borjomi International-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წილის გადაცემის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა, თქვა, რომ კომპანია „აი დი ეს ბორჯომის“ დასაქმებულები არ დაიჩაგრებიან და ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა. „არ უნდა ჰქონდეს იქ ვინმეს განცდა, რომ ვინმე დაიჩაგრება“, - ამბობდა ღარიბაშვილი. ამის შემდეგ სახელმწიფო მხარეებს შორის მედიაციის მეორე პროცესი დაიწყო, თუმცა გაფიცვა არ შეწყვეტილა. დღეს კი, ჯანდაცვის სამინისტრომ და შრომის ინსპექციამ "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის მედიაციის პროცესის შეთანხმებით დასრულების შესახებ განცხადებები გაავრცელეს.

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში შეთანხმების დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. შეთახმების დეტალების გარკვევას BM.GE მხარეებთან შეეცადა, მაგრამ კომპანიაში საბოლოო კონსესუსზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ კომპანია „ბორჯომს“ ბოლო პერიოდში გარკვეული სირთულეები ჰქონდა, რომელსაც დასაქმებულების უკმაყოფილებაც დაემატა - "მათ გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ, რომელსაც მედიაციის პროცესში საკმაოდ დიდი ხანია ვიხილავთ. აქციონერთა სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კომპანიას მეტი შესაძლებლობა მიეცა, რომ დასაქმებულთა პოზიციები უფრო მეტად გაეზიარებინათ, შესაბამისად, ორივე მხარემ გარკვეული საკითხები დათმო და შეთახმებას მივაღწიეთ დღეისთვის“.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე კი დეტალურად საუბრობს იმ კონსესუსზე, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს.

მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების შედეგად კომპანიის დასაქმებულები, დამსაქმებლის მხრიდან მოთხოვნის შედეგად სამუშაოზე გავლენ და სამუშაო პროცესში სრულად ჩაერთვებიან.

„მხარეები ვთანხმდებით, რომ:
- 2023 წლის იანვრიდან 2021 წლის გაფიცვის პერიოდში მოპოვებული კონტრაქტები ან უკეთესი სახელშეკრულებო პირობები დაგხვდება;
- ასევე 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხელშეკრულებებით დასაქმებულები გადავლენ უვადო ხელშეკრულებაზე;
- გარდა ამისა, 2-3 თვის წინ, გაფიცვამდე სამსახურიდან გათავისუფლებული პირების 90% სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება;
- დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, რომ სამსახურის დატოვების მსურველ პირებს, წინასწარი განაცხადის საფუძველზე 6 თვის კომპენსაციას ჩაურიცხავს; ამ ეტაპზე ასეთი 24 ადამიანია, რომელსაც პირადი მიზეზების გამო კომპანიიდან წასვლას სურს.
- გაფიცვის პერიოდში გათავისუფლებული 50 ადამიანის შესახებ ბრძანება ბათილია ანუ ეს ადამიანები სამსახურში დაბრუნდნენ და მათმა ნაწილმა კომპენსაცია აიღო;
- გარდა ამისა, ამ 50 ადამიანიდან 2 ადამიანი უარს აცხადებს ძირითად სამუშაოზე მუშაობაზე, ისინი მიიღებენ კომპენსაციას, თუმცა რჩებიან პროფკავშირში და აგრძელებენ დასაქმებულებთან მუშაობას ქარხნის ტერიტორიაზე;
- დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, რომ ტრაილერის მძღოლებს, რომლებმაც გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადეს,  სირთულეები არ შეექმნებათ;
- ასევე კანონმდებლობის შესაბამისად დამსაქმებელს გაფიცვის დღეების ანაზღაურების ვალდებულება არ ჰქონდა, თუმცა კომპანია ვალდებულებას იღებს, ეს დღეებიც დასაქმებულებს აუნაზღაუროს;
-დამსაქმებელი სოფლებში მცხოვრებ დასაქმებულებს ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დასაქმებულები დათმობაზე ხელშეკრულების ძველ პირობებზე დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით წავიდნენ, კომპანიის მხრიდან კი დანარჩენი მოთხოვნების დათმობები მიიღეს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში გაფიცებულებმა დააყენეს, დასაქმებულებზე ზეწოლის ფაქტების მიზეზით, კომპანიის მენეჯმენტში ცვლილება იყო -  გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ამ თემის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მედიაციის პროცესში ეს საკითხიც განიხილეს და კომპანიის მენეჯმენტში ცვლილებები იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბორჯომის" წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა ოთხი ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

9 ივნისს კი „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. მან განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი კომპანიის მხრიდან თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციის გამო შესწავლას დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები