იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მოსარჩელე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. როგორც იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
„2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაუზიარა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დავა საქართველოს გამარჯვები დასრულდა. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო ვადების გადავადების არაერთხელ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად, საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად, ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა მილიარდ-ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე, სრულად უარყო და პირიქით, მოსარჩელეს, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პრეისტორია:
ADC-ის აქციონერები არიან: „თიბისი ეიჩ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star (ბულგარეთი) და „Conti International“ (აშშ).
2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ის მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ის და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღდგომოდნენ ADC-ის ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად.
ბატონმა ბობ მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს-ნიდერლანდების ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი უფლებების დასაცავად. აღნიშნული დავა კვლავ მიმდინარეობს და არ დასრულებულა.