პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში არაკონსტიტუციურია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც. ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, არის თუ არა „ქართული ოცნება“ იზოლაციაში, იმ ფონზე, როცა კობახიძეს აშშ-ში არავინ შეხვდა, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელში შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
„მე მინდა წარმოიდგინოთ როგორი იქნება მომავალი წლის დასაწყისში მდგომარეობა - დასრულებული იქნება არჩევნები, აქაც, იქაც. სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში. ეს არის ფაქტორები, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. იხილავთ, რაც მოხდება.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს, არაკონსტიტუციურია, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა. როცა ასეთ დროს, კონკრეტული ევროპელი ლიდერები ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, ისინი გამოხატავენ უხეშ, უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც შეიმჩნევა გარკვეულ ქვეყნებში. როცა პატივს არ სცემ ქვეყნის კონსტიტუციას, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის, უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. პერსონალურამდე დაგყავთ ეს ყველაფერი, მე გესაუბრებით ინსტიტუციურ საკითხზე“, - განაცხადა კობახიძემ.