საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის პროცესის გაციფრულებაზე კონსულტანტები მუშაობენ. ამის შესახებ გურამ გურამიშვილმა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონული პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის მოადგილემ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის სარგებელზე ისაუბრა.
„დღევანდელ ღონისძიებაზე დამატებით განხილული იქნება ის საჭიროებები, რომლებიც შუა დერეფნის პოპულარიზებისთვის, მოქნილობისა და გამტარუნარიანობის ზრდისთვის იქნება საჭირო. 2023 წელს გაფორმდა საგზაო რუკა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, სადაც ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ხასიათის ღონისძიებები გაიწერა, რაც ხელს შეუწყობს შუა დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და 2030 წლამდე ტვირთნაკადის ზრდას უზრუნველყოფს.
შუა დერეფანში არსებული ქვეყნების საბაჟო უწყებები დღეისთვის ერთმანეთში ინფორმაციებს ცვლიან და ბევრად წინასწარ ფლობენ ინფორმაციას გასატარებელი ტვირთების შესახებ. სამომავლოდ ამ პროცესის გაციფრულება ერთიანი პლატფორმის ქვეშ იგეგმება. ამაზე უკვე კონსულტანტები მუშაობენ და ეს არამხოლოდ საბაჟოს, არამედ გადაზიდვების კუთხითაც მნიშვნელოვანია დერეფნის გაციფრულება“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.