საქართველოს ყველა ნავსადგურში სამთავრობო სერვისები გაციფრულდება - ამას „საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პროექტის მიხედვით, საქართველოს ყველა ნავსადგურში სამთავრობო სერვისები ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ, ერთი ფანჯრის სისტემაში გაერთიანდება
კანონპროექტის ინიციატორი უწყების განმარტებით, აღნიშნული სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივებს და მთლიანად გააციფრულებს გემის შესვლასთან და გასვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ჩაანაცვლებს ქაღალდებზე დაფუძნებულ ბიზნეს პროცესებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ გემის ნავსადგურში შემოსვლამდე დოკუმენტების მრავალჯერადად წარდგენა იწვევს გემის დაყოვნებას, წარმოდგენილი ცვლილებები კი მნიშვნელოვნად შეამცირებს საჭირო პროცედურების ხანგრძლივობას.
„ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა საქართველოს ნავსადგურებში გულისხმობს პროცესების გაციფროვნებას, რომელიც დაკავშირებულია გემის შესვლა/გასვლასთან და საჭირო დოკუმენტაციების მოგროვებასთან. ეს ბევრად გაამარტივებს საქართველოს ნავსადგურებში გემების შესვლა/გამოსვლაზე დახარჯულ დროს და პროცედურებს გაუადვილებს ტვირთმფლობელებს.
ნებისმიერ გემთან დაკავშირებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს საბუთების მოგროვებას, ასახვას და ვალიდაციას, ეს იქნება ელექტრონულ ფორმატში, რასაც გულისხმობს ეს პროექტი. ერთი თვეა იგი მოქმედებს სატესტო რეჟიმში, ყველა დაინტერესებული მხარე ეს იქნება სახელმწიფო უწყებები თუ გემის აგენტები და შესაბამისი ტვირთმფლობელები, ეცნობიან ამ სატესტო რეჟიმს და ყალიბდება ფორმატი, რომელიც მერე გაეშვება უკვე მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან“,-განუცხადა გურამ გურამიშვილმა bm.ge-ს.
საზღვაო ერთი ფანჯრის ტექნიკური პლატფორმის გამოყენება საქართველოს ნავსადგურებში და მიმდინარე პროცესების სრულად ჩანაცვლება ციფრული სახით სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან მოხდება.
საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის სერვერის განთავსება მოხდება სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოში. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ მომსახურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყოველთვიურად ციფრული მმართველობის სააგენტოს 6 044 ლარის ოდენობის საფასურს გადაუხდის.