სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვისა და სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზები გამოიკვეთა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შესაბამისად, აუდიტის პერიოდში შემოსულობების გეგმა − 102,722,342 ლარით, ხოლო გადასახდელების − 107,466,404 ლარით განისაზღვრა.
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების − 86.4%-ით შესრულდა. შემოსულობების და გადასახდელების შეუსრულებლობის მიზეზი არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია, მაგალითად:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 2021-2022 წლებში ბიუჯეტით გამოყოფილი2,697,231 ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 1,488,272 ლარი, ანუ 55,2%, რაც იმის შედეგია, რომ შემსრულებელმა კომპანიამ ვალდებულება დროულად არ შეასრულა;
- საპროექტო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შეთანხმებისა და შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობების დაზუსტების პროცესის გაჭიანურების გამო, 2022 წელს ვერ მოხერხდა − (ა(ა)იპ ქობულეთის სოფლის წყლის, ა(ა)იპ − ქობულეთის გამწვანების და შპს „ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის“ ადმინისტრაციული შენობების მშენებლობისათვის გამოყოფილი 200,000 ლარის ათვისება;
- შემსრულებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვეტილია 8 ხელშეკრულება, რის შედეგად ბიუჯეტით გამოყოფილი 3,131,128 ლარიდან, ათვისებულია მხოლოდ 332,386 ლარი, ანუ 10,6 %. ადგილობრივი ბიუჯეტის საბალანსო მონაცემების შესაბამისად, 2021 წელს ნაშთის ცვლილების გეგმური მაჩვენებელი 7.5%-ით, ხოლო 2022 წელს 56.8%-ით შესრულდა.
გარდა ამისა, აუდიტის დასკვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რაც შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გამოუყენებლობასა და მათში არსებულ ხარვეზებში გამოიხატება:
“შედეგად, ვერ მოხერხდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და შესაბამისი სარგებლის მიღება. ამასთანავე, სამშენებლო საქონლისა და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების მომენტისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული;
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სათანადო ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე მიმწოდებლების შერჩევა, რამაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება განაპირობა. ამასთანავე, ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, ავანსად გაცემული თანხის დასაბრუნებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია;
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილი შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას, რის გამოც ოთხ შემთხვევაში ვერ მივიღეთ რწმუნება შესყიდული სამუშაოსა და მომსახურების, სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ამასთანავე, არასრული სახით ხდება ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა, რაც ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს”, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.