თბილისში, 21 ნოემბერს მარიოტის უმაღლესი კლასის, პირველი Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა. სასტუმროს ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ის 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულ უმაღლესი კატეგორიის სპას, შეხვედრებისა და საკონფერენციო მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ სივრცეებს აერთიანებს. „პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.
დედაქალაქში ახლად გახსნილი სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ მართვაში მყოფ „სასტუმრო მართვის კომპანიის“ თანადამფუძნებელმა გიორგი ტოგონიძემ BMGTV-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულთან“ მაღალი კლასის განთავსების ობიექტის იდეაზე, კონცეფციაზე, სტილზე, სტუმარმასპინძლობის სტანდარტსა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს, ქართულ ბაზარზე გამორჩეულსა და რიგ შემთხვევებში, მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურს ხდის.
„თავის დროზე, როდესაც სასტუმროს გახსნაზე იყო საუბარი, იყო ასეთი მოთხოვნა, რომ აშენებულიყო სრულიად უნიკალური სასტუმრო, მაგრამ რაც შეიძლება მეტი შტრიხები და ხაზგასმა უნდა იყოს იმ ფესვებზე, რაც არის თბილისი და საქართველო. სასტუმროში რომ შემოდიხარ პირველი რაც თვალში გხვდებათ მომსახურე პერსონალი ჩაცმულობა, რომელიც ქართული სამოსელია. ასევე მაგალითად ძირითადი კოლონების შემოსვა აღებულია ჩოხის ქილებიდან და პირველივე შემოსვლიდან გექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ულტრათანამედროვე სასტუმრო ქართული ელემენტებით, სადაც კედლები მუქი ფერის აგურით გაწყობილი. ესეც ძველი თბილისიდან არის წამოღებული“, - ასე იწყებს „ბიზნესის კვირეულის“ ავტორთან და წამყვანთან გიორგი ისაკაძესთან საუბარს სასტუმროს მართვის კომპანიის თანადამფუძნებელი.
აღსანიშნია, რომ საერთაშორისო ბრენდის პრემიალური კლასის სასტუმროს მართვას ქართული “სასტუმროების მართვის კომპანია” ასრულებს, რომლის თანადამფუძნებელი გიორგი ტოგონიძეა. სასტუმროს მმართველი გუნდის ხელმძღვანელი იმ თავისებურებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ამ ტიპის სასტუმროს მართვაში მნიშვნელოვანია.
“პატარა და საინტერესო გუნდია. "მერიოტმა" ირწმუნა, რომ ჩვენ ამის კეთება შეგვიძლია. ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელსაც საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ “მარიოტის” 30 ბრენდის მართვა შეუძლია. ამას ლიცენზირება სჭირდება, რომელიც ჩვენ წარმატებით გავიარეთ”, - აღნიშნავს ტოგონიძე და დასძენს, რომ საქართველოსთვის სასტუმროების მომსახურების სფეროში სხვადასხვა ქვეყნებთან შეჯიბრი ჯერ ადრეა, ამიტომ მთავარი აქცენტი ჩვენს გენეტიკურ კოდზე - სტუმარმასპინძლობაზე უნდა დავდოთ. “ქართველებს დრო დაგვჭირდება, რომ მომსახურების სფეროში სხვა ქვეყნებს შევეჯიბროთ. რადგან ჩვენს გენეტიკურ კოდში სტუმარმასპინძლობა დევს, ამიტომ ხშირად ვეუბნები ჩვენს თანამშრომლებს, რომ ყოველი სტუმარი ისე უნდა მივიღოთ, როგორც მას ოჯახში მივიღებდით და ვუმასპინძლეთ. ოჯახში სტუმრობის ემოცია გვინდა სასტუმროში გადმოვიტანოთ, ცოტა უფრო რაფინირებული და ინდივიდზე მორგებული გავხადოთ, მაგრამ კოდი რაც მასპინძლობაა, ეს “პარაგრაფის” ყველა სასტუმროს აერთიანებს”.
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც Paragraph Tbilisi-ს სხვა სასტუმროებისგან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ Luxury Collection-ის ბრენდის გლობალურ ქსელში გამოარჩევს საბაგირო ხაზია, რომელიც ერთმანეთთან “პარაგრაფის” ბრენდის 3 სასტუმროს დააკავშირებს და სასტუმროს მომხმარებელს ქალაქის საქმიანი საღამოდან 6 წუთში თაბორზე განთავსებულ სასტუმროში რეკრეაციულ სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს.
“პარაგრაფის ბრენდის ქვეშ სხვა სასტუმროები აღსრულების ეტაპზეა. ამ შენობის სახურავზე დამონტაჟებულია საბაგირო სადგურს წვდომა ორ შენობასთან ექნება. პირველი შენობა სოლოლაკის ქედზეა, რომელიც განვითარდება და იქ “პარაგრაფის” ბრენდის სასტუმრო იქნება. ამ ქედიდან შემდეგი სასტუმრო, რომელიც უკვე აშენებულია და მისი ფასადური მოპირკეთება მიმდინარეობს თაბორის მთაზეა. “პარაგრაფ თბილისის” ახალი შეთავაზება ეს არის “რეკრეაცია ურბანულ მოცემულობაში”. ქალაქიდან 5-6 წუთის განმავლობაში “პარაგრაფ თბილისიდან” მოხვდებით თაბორის გოლფის პარაგრაფის სასტუმროში, სადაც ქალაქის ცენტრიდან ადამიანი ხვდება რეკრეაციაში, სადაც შეუძლია ითამაშოს გოლფი და განიტვირთოს სპა სივრცეში.
როდესაც საბაგირო ხაზის გამართვაზე “მერიოტთან” ვსაუბრობდით, მათ დაადასტურეს, რომ მსოფლიოში არ არის ანალოგი, სადაც სამი ერთი და იგივე ბრენდის სასტუმრო ერთმანეთთან საბაგირო გზით იყოს დაკავშირებული და ქალაქის ცენტრიდან 6 წუთში განიტვირთვა იყოს შესაძლებელი”, - ამბობს გიორგი ტოგონიძე.
“პარაგრაფ თბილისი” სტუმრებსა და უბრალოდ საქმიანი ღონისძიებების გამართვით დაინტერესებულ მხარეებს უახლესი ტელესაკონფერენციო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეებს სთავაზობს და ესეც სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული სავიზიტო ბარათია.
“ამის სრული ანალოგი არ არსებობს, თუ კომპანიას უნდა მაგალითისთვის მანქანის პრეზენტაციის გაკეთება და მანქანა ადგილზე არ არის, მას შეუძლია პროექცია გააკეთოს, რომ პროექციით მანქანა ერთი მხრიდან შემოვიდეს, წრე დაარტყა და გავიდეს - ამოუწურავი საშუალებები გვაქვს. ვიდეოპროექციების საშუალებით, ნებისმიერი ფონის, ნებისმიერ სივრცეში მოხვედრა ოთახიდან გაუსვლელად შეგვიძლია. ასევე საკონფერენციო სივრცეებში ულტრათანამედროვე გახმოვანების სისტემაა ჩაშენებული. ყველაფერი დამონტაჟებულია და ყველა შეხვედრების ოთახი ლედ დაფებითაა აღჭურვილი, სადაც შესაძლებელია ხელით დაწერა და ინფორმაციის გაზიარება, გადაგზავნა… სასტუმროში არსებული ტელესაკონფერენციო ინფრასტრუქტურის ანალოგი საქართველოში არ არის”, - აღწერს “სასტუმროს მართვის კომპანიის” თანადამფუძნებელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი “პარაგრაფ თბილისის” კონსიერჟის გაწევრიანებაა ფრანგულ ორგანიზაცია Les Clefs d'Or-ში, რომელიც სასტუმროსთვის და შესაბამისად მისი სტუმრებისთვის გარკვეულ ბენეფიტების მომტანია.
„არის ფრანგული ორგანიზაცია, რომელსაც Les Clefs d'Or ჰქვია. ის საფრანგეთში 1929 წელს დაფუძნდა და ის მსოფლიოს მინიმუმ 80 ქვეყნის სასტუმროებში 4 000-მდე კონსიერჟს აერთიანებს. “პარაგრაფ თბილისი” ერთადერთი სასტუმროა რეგიონში, რომელიც ამ ორგანიზაციის ნაწილია. ეს არავის ეგონა თუმცა ეს ასეა, ჩვენი კონსიერჟი ჯაბა ამ ორგანიზაციის წევრია. ანუ რას ნიშნავს ეს, სტუმარი, რომელიც ჩვენთან შემოდის და ხვალ ნიცაში, მონაკოსა ან ჰონგ-კონგში მიფრინავს ხვალვე შეუძლია დაჯავშნილი ჰქონდეს ჩვენი სასტუმროდან გაუსვლელად სასტუმრო, რესტორანი, ან ნებისმიერი სპა პროცედურა”, - ამბობს გიორგი ტოგონიძე.
მისივე ინფორმაციით, “პარაგრაფ თბილისის” სტუმრებს სასტუმროში ექსკლუზიური ბრენდები ხვდება.
“გამორჩეულია ის ხაზი, რომელიც ჩვენს სტუმრებს ჩვენთან ოთახებში დახვდებათ შამპუნის ან ლოსიონების სახით. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე Luxury ბრენდი Byredo არის, რომელიც ექსკლუზიურად Luxury ბრენდის სასტუმროებთან თანამშრომლობს. ასევე სპაცენტრის მიმართულებით ჩვენ შემოვიყვანეთ ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ESPA, რომელთან პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს ESPA-ს ხაზით პროცედურები, მასაჟები, ზეთები და ა.შ.”, - აღნიშნავს “სასტუმროს მართვის კომპანიის” ხელმძღვანელი.
გიორგი ტოგონიძე ახლად გახსნილი სასტუმროს გასტრონომიულ ნიუანსებზეც ამახვილებს ყურადღებას. “სანამ რესტორნებზე ვიტყვი, მინდა აღვნიშნო რა ხარისხის პროდუქცია ჩამოდის ჩვენთან. ზღვის პროდუქტების ნაირსახეობები, როგორიც არის მაგალითად სიბასი, ჩვენთან არაფრით არ ჩამოდის გაყინული. შეფის დავალებით თევზი და ზღვის პროდუქტი გრილად მოგვეწოდება და ტრანსპორტირებისას მას ყინული არ ეკარება. ამგვარად ის ინარჩუნებს ყველანაირ გემოვნურ თვისებას.
ჩვენი რესტორანი, ექსკლუზიურად მიშლენის ხელწერით გამოირჩევა, სადაც ხმელთაშუა ზღვის ნაზავი სამზარეულოა, მაშინ როდესაც ჩვენს Sky Bar-ში უფრო აზიური ხაზია. ასევე გვაქვს ქართული ხაზი - მაგალითად როდესაც აჭარულ ხაჭაპურს ლურჯი ყველით და მსხლის ნაზავით მოგართმევენ. შეფს უყვარს ექსპერიმენტები და ამის სინთეზი საინტერესოდ ხდება.
ეს სასტუმრო თბილისი სავიზიტო ბარათი გახდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სასტუმრო თვისობრივად სხვა კატეგორიის სტუმარს ჩამოიყვანს საქართველოში და მიზიდულობის ძალა იქნება”, - აღნიშნა საუბრის დასასრულს გიორგი ტოგონიძემ.