კორეულმა სამრეწველო კომპანია Korea Zinc-მა დააანონსა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში $7.4 მილიარდად კრიტიკული მინერალების გადასამუშავებელ ქარხანას, ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გახსნის. არსებული ინფორმაციით, საწარმო კლარკსვილში, ტენესის შტატში აშენდება და მისი აგებისთვის ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის მთავრობა გამოყოფს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს ნაბიჯი შტატებს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. Korea Zinc-ში აანონსებენ, რომ ქარხანა, რომელიც 2029 წელს გაიხსნება და ჩაანაცვლებს კომპანია Nyrstar-ის საწარმოს, წლიურად 540,000 ტონა კრიტიკულ მინერალს გადაამუშავებს. მათ შორის, 300,000 ტონა თუთიას, 200,000 ტონა ტყვიას, 35,000 ტონა სპილენძს და 5,100 ტონა იშვიათ მეტალს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წილი საერთო კომპანიაში 40% იქნება, თავად Korea Zinc-ის წილი კი 10%-ს არ გადააჭარბებს. დანარჩენი წილები კი ამერიკაში დაფუძნებულ სტრატეგიულ ინვესტორებზე გადანაწილდება. ცნობილია ისიც, რომ აშშ პროექტის განხორციელებისთვის $4.9 მილიარდს გამოყოფს. ამასთან, შეიქმნება 420 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც, მეტწილად, ვეტერანი ჯარისკაცებისთვის იქნება განკუთვნილი. წლიური ანაზღაურება კი 86,000 დოლარი იქნება. ახალი ობიექტის გახსნის პარალელურად, შტატები ტენესის შტატში მდებარე თუთიის მაღაროს ხელახლა ამოქმედებასაც გეგმავს.




























