მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის საფრთხის გამო, ევროპაში 3 საერთაშორისო წიგნის ბაზრობა გაუქმდა

5e5fb0049432e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.20 18:22
772
ევროპაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ლონდონის, ლაიფციგისა და პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობები გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ბაზრობებზე საქართველო და ქართული ლიტერატურა ეროვნული სტენდებითა და სლოგანით Follow the Journey of Georgian Charachters უნდა წარმდგარიყო.

„2020 წლის 20-23 მარტს უნდა გამართულიყო პარიზის წიგნის ბაზრობა - Salon du Livre de Paris, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგებოდა მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, პარიზის წიგნის ბაზრობა გაუქმდა და ჩატარდება 2021 წელს.

პარიზის წიგნის ბაზრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის წიგნის ბაზრობებს შორის. ყოველწლიურად 3000-მდე ავტორი და გამომცემელი ხვდება მკითხველს და წარადგენს ახალ წიგნებს. საქართველოსთვის ამ ბაზრობაზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურის ფრანკოფონიულ ქვეყნებში პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა, და ქართველ და ფრანკოფონ გამომცემლობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ქართული ლიტერატურისთვის განსხვავებული ბაზრის ათვისებას ნიშნავს.

ასევე 2021 წლამდე გაუქმდა ლონდონის წიგნის ბაზრობა - London Book Fair, სადაც 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგებოდა და ქართველი გამომცემლები ბიზნეს შეხვედრებს გამართავდნენ უცხოელ კოლეგებთან.

მანამდე გაუქმდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობა - Leipziger Buchmesse. მასზე 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით უკვე მეცხრედ უნდა წარმდგარიყო. ქართველი მწერლები და ილუსტრატორები ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით მაჭავარიანი (კაკადუ), ლია სტურუა, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა და თეონა დოლენჯაშვილი ბაზრობის ტერიტორიაზე და ლაიფციგის სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ დაწესებულებაში გეგმავდნენ შეხვედრების გამართვას“, - ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.