პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვები დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება.
BMG-იმ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა: რატომ გადაწყდა, საპენსიო დანაზოგები 2028 წლამდე დაბალრისკიან აქტივებში დარჩეს? რაზეც ზაზა ლომინაძემ უპასუხა, რომ მოქალაქეებს გარკვეულ საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ. რაც იმით განმარტა, რომ პანდემიამ და უკრაინის ომმა მთავრობას, პარლამენტსა და საპენსიო სააგენტოს ხელი შეუშალა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჰქონოდათ. მისი თქმით, მეანაბრეების ნაწილმა არ იცოდა, ანაბრებს რა ბედი ელოდა.
“როდესაც 2018 წელს პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, 5 წლიანი პერიოდი იყო გათვალისწინებული, რომ საპენსიო ფონდსა და მოქალაქეებს დრო, ჰქონოდათ, გაეანალიზებინათ რა თანხა დააგროვეს, როგორ მიდის დაგროვებითი პენსიის საპროცენტო განაკვეთების დარიცხვა და ამის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო ანალიზი, მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, რომელ პორტფელში გადაიტანდა საკუთარ დანაზოგს. თუმცა, მოგეხსნებათ, 2018-ის შემდეგ 2 წელი პანდემია იყო, შემდეგ უკრაინის ომი დაიწყო და, ვთვლი, ალბათ, ყურადღება არ იყო გამახვილებული პარლამენტში, მთავრობაში საპენსიო სააგენტოში მოსახლეობასთან მუშაობის დროს, რომ სცოდნოდათ მეანაბრეებს, რა ბედი ელოდათ მათ ანაბრებს”,- აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
კითხვაზე, მოქალაქეებმა ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად რატომ ვერ მიიღეს და რატომ გაიგეს ბენეფიციარებმა ის პოსტფაქტუმ, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცვლილების შესახებ ცნობილი როგორც სამთავრობო გუნდისთვის, ასევე ოპოზიციისთვის იყო.
“ამის შესახებ ცნობილი იყო როგორც სამთავრობო გუნდისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და საგაზაფხულო სესიაზე პირველი მოსმენით იყო კანონპროექტი გამოტანილი. კანონი საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მას რამდენიმე კომიტეტი იხილავდა. მას შემდეგ, რაც სავალდებულო კომიტეტებზე განვიხილეთ, იყო მოსმენები ჯანდაცვის კომიტეტზე, რის საქმის კურსში იყო მოსახლეობაც, ისევე როგორც ჩვენი კოლეგები, პარლამენტარები. ამიტომ მიმაჩნია, რომ თითიდან გამოწოვილი პრობლემა შექმნეს ჩვენმა ოპონენტებმა. ივნისში ეს კანონი პარლამენტში განვიხილეთ, პირველი მოსმენით მივიღეთ”, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ზაზა ლომინაძე ირწმუნება, რომ შემდეგი 5 წლის მანძილზე მშვიდობით, ეკონომიკური ზრდითა და სწორი განვითარებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია და პროცესის ზედამხედველობა ეფექტიანად გაგრძელდება.