კერძო თვითმფრინავის ოპერატორმა კომპანიებმა კორონავირუსის გამო, კერძო თვითმფრინავებზე გაზრდილი მოთხოვნით მნიშვნელოვნად იხეირეს, თუმცა ზოგიერთი ოპერატორი აღნიშნავს, რომ მათთვის ფრენების შესრულება ჩინეთში, მიუხედავად მომსახურებაზე მაღალი ფასებისა, არამომგებიანია. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც იცით, რიგმა ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს ჩინეთის მიმართულებით, რის გამოც ბევრი მგზავრი არასასურველ ადგილზე აღმოჩნდა. შედარებით მდიდარმა ფენამ გამოსავალი კერძო თვითმფრინავების დაქირავებაში მონახა.
მაგრამ ავსტრალიაში დაფუძნებული კერძო თვითმფრინავების ოპერატორი კომპანია Paramount Business Jets-ი აცხადებს, მიუხედავად იმისა რომ მოთხოვნა კერძო თვითმფრინავებზე გაზრდილია, შეკვეთებს ვერ ასრულებს.
„მსგავს შეკვეთებს რისკები ახლავს თან და რთულია მიიღო. გარდა იმისა რომ საშიშია ვირუსი ეკიპაჟის წევრებს გადაედოს, ასევე ისინი ჩინეთიდან დაბრუნების შემთხვევაში ვერ შეძლებენ მუშაობას დაახლოებით 15 დღის განმავლობაში, მანამ სანამ კარანტინის პერიოდი არ გავა“, - აცხადებს კომპანია.
სინგაპურში დაფუძნებული კომპანია MyJet Asia კი აღნიშნავს, რომ მათი შეკვეთები 80-90%-ით გაიზარდა ბოლო თვის განმავლობაში. „ბევრმა ადამიანმა ჩინეთი დატოვა საახალწლო დასვენებებთან დაკავშირებით და ახლა ქვეყნაში დაბრუნება უნდათ. ბევრმა მათგანმა გვთხოვა ფრენები შეგვესრულებინა შანხაის, ჰონგ-კონგის და პეკინის მიმართულებით“, - განაცხადა კომპანიამ.
ბრიტანული კომპანია PrivateFly-ი ამბობს, რომ მათ აქვთ დაკვეთები კერძო ჩარტერზე უხანიდან. დამკვეთი სამხრეთ ამერიკელი დიპლომატია. ასევე, შეკვეთებია რიგითი მოქალაქეებისგან. „ცოტა ხნის წინ, რიგითმა მოქალაქეებმა გვთხოვეს შევასრულოთ 4 ჩარტერული რეისი უხანიდან და გადმოვიყვანოთ დაახლოებით 100-მდე მგზავრი“, - აცხადებს კომპანია.
როგორც კერძო თვითმფრინავის ოპერატორი კომპანიები აღნიშნავენ, 2-4 ადგილიანი პატარა თვითმფრინავის დაქირავება დაახლოებით 2,400 აშშ დოლარი ღირს ერთი საათი, ხოლო საშუალო ზომის დაახლოებით 10-ადგილიანი - 6,000 აშშ დოლარი საათი.