კერძო თვითმფრინავი, რომელსაც ადამიანები ხშირად “ჯეტს” ვუწოდებთ, სიმდიდრის, ექსკლუზიურობისა და კომფორტული ცხოვრების ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ მილიონერები და მილიარდერები, როგორც წესი, კერძო თვითმფრინავებს არ ყიდულობენ, არამედ ქირაობენ. ისედაც, კერძო თვითმფრინავის ყოლის გადაწყვეტილება, რეალურად, ფაქტობრივად არასდროს ასოცირდება სიმდიდრესთან, პირიქით - მილიარდერებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატულ გადაწყვეტილებად ითვლება. კერძო თვითმფრინავებს, როგორც წესი, ის ადამიანები იყენებენ, რომელთაც ძალიან ცოტა დრო აქვთ, ანუ მათი თითოეული წუთი იმდენად ძვირი ღირს, რომ თვითმფრინავის ყიდვაში ან დაქირავებაში გადახდილი მილიონები, რეალურად, არაფერს ნიშნავს.
რომელია ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავი და ვინ არიან ადამიანები, რომელთათვისაც, ხშირად, “ჯეტებს” სპეციალური შეკვეთით ამზადებენ?
#1 — საუდის არაბეთის პრინცის, ალ-ვალიდ ბინ-თალალის Airbus A380
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავების რეიტინგის პირველ ადგილს საუდის არაბეთის პრინცის, ალ-ვალიდ ბინ-თალალის “მფრინავი სასახლე” იკავებს. Airbus A380-ის ტიპის ეს თვითმფრინავი, რომლის შიდა ფართობი 470 კვადრატული მეტრია, ბევრი ადამიანის საცხოვრებელ სახლს სჯობს. “მფრინავი სასახლის” ინტერიერი ორ სართულზე არის განლაგებული, სადაც რამდენიმე საძინებელს, მოსასვენებელ ოთახებს და ელექტრონული ხალიჩებით აღჭურვილ სამლოცველოს შევხვდებით, რომლებიც ყოველთვის მექასკენ არის მიმართული. თვითმფრინავი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებით არის მოწყობილი, ხოლო ინტერიერში ოქრო, მარმარილო და ახალი ტექნოლოგიები ჭარბობს. ამ ყველაფრის ფონზე, ალ-ვალიდ ბინ-თალალის Airbus A380-ის ტიპის ეს თვითმფრინავი დაახლოებით $500 მილიონი ღირს.
#2 — ჰონგკონგელი მილიონერის, ჯოზეფ ლაუს Boeing 747-8 VIP
რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავი ჰონგკონგელ უძრავი ქონების მაგნატს, ჯოზეფ ლაუს ეკუთვნის. სპეციალური შეკვეთით დამზადებული ეს Boeing 747-8 დაახლოებით $367 მილიონი ღირს. ამ თვითმფრინავს “დრიმლაინერს”, ანუ “ოცნების თვითმფრინავს” უწოდებენ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან 450 კვადრატული მეტრის შიდა სივრცეში რამდენიმე ოთახს, მოსასვენებელს, სასადილოს და მაღალტექნოლოგიურ ოფისს ვხვდებით. თვითმფრინავის მდიდრულ ინტერიერში ასევე ვხდებით მაღალ ჭერს, ხვეულ კიბეებს და ბოლო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ გასართობ სისტემას, რაც Boeing-ის ყველაზე დიდი თვითმფრინავის ბაზაზე შექმნილ კერძო ჯეტს საჰაერო სასახლედ აქცევს.
#3 — ბრუნეის სულთნის Boeing 747-400
ბრუნეის ერთპიროვნული მმართველის, სულთან ჰასანალ ბოლკია მუიზადინ ვადაულას საკუთრებაში არსებული Boeing 747-400 რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავია მსოფლიოში, რომელიც ასევე სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული. სულთნის ეს საჰაერო ხომალდი ჭეშმარიტად ასახავს იმ სამეფო სტანდარტებს, რომლითაც ის ცხოვრობს. თვითმფრინავი, რომელსაც ავზის ერთი გავსებით 14,000 კილომეტრის გავლა შეუძლია, ოქროს აბაზანებით, ბროლის შანდლებით და მედიდური საძინებლებითაა აღჭურვილი. საუდის არაბეთის პრინცის თვითმფრინავის მსგავსად, რუნეის სულთნის Boeing 747-400 არანაკლებად იმსახურებს “მფრინავი სასახლის” სიმბოლური სახელწოდებას, რაც მისი $233-მილიონიანი ფასითაც დასტურდება.
#4 — HNA Group-ის Boeing 787-8 BBJ
მსოფლიოს რიგით მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავი ჩინური მრავალპროფილური კორპორაციის, HNA Group-ის ბალანსზე ირიცხება. Boeing 787-8 BBJ-ის ტიპის ეს თვითმფრინავი, რომელშიც 230 კვადრატული მეტრის კაბინებს ვხვდებით, რამდენიმე საძინებლით, აბაზანით, სამზარეულოთი და მედიდურად გამოწყობილი მოსასვენებელი სივრცეებით არის აღჭურვილი. ამასთან, თვითმფრინავი ეფექტიანიც არის და ავზის ერთი გავსებით 12,000-მდე კილომეტრს გადის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს თვითმფრინავი კომპანიას ეკუთვნის, იქ არაერთ საკონფერენციო დარბაზს ვხვდებით, რაც Boeing-ის წარმოების ამ თვითმფრინავს ჭეშმარიტ საჰაერო ოფისად აქცევს, რომლის ღირებულება $224 მილიონია.
#5 — Qatar Airways-ის Gulfstream G700
თვითმფრინავი, რომელსაც ამ რეიტინგის მეხუთე ადგილზე ვხვდებით, დაახლოებით $75 მილიონი ღირს და ზემოხსენებული თვითმფრინავებისგან განსხვავებით, ის ჭეშმარიტი “ჯეტია”. Gulfstream G700-ის ტიპის ეს თვითმფრინავი მის კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია და გაუჩერებლად 14,000 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც იდეალურია, თუ საქმე ერთდროულად ლონდონში და ავსტრალიაში გაქვთ. Gulfstream G700-ში ოთხ მოსასვენებელ სივრცეს, აბაზანიან საძინებელს და ბიზნესჯეტებში არსებულ ყველაზე დიდ ფანჯრებს ვხვდებით, რაც კომფორტული გადაადგილების საწინდარია.