ელექტრომობილებით კორპორატიული სექტორი სულ უფრო მეტად ინტერესდება - ამის შესახებ BMG-სთან Solar Auto-ს დამფუძნებელი ტატო მიროტაძე აცხადებს. მისი თქმით, წელს, ელექტრომობილებზე მოთხოვნა 100%-ით არის გაზრდილი.
ზრდის რამდენიმე მთავარ მიზეზად კომპანიაში ეკონომიურობას და საწვავის ფასებს ასახელებენ - ბენზინისა და დიზელის ღირებულების მატება მომხმარებელს ალტერნატივისკენ უბიძგებს.
„მოთხოვნის განმაპირობებელი პირველ რიგში, არის ის, რომ მომხმარებელი ხვდება ხარისხს, კონკურენტულ ფასს და ხარჯების დანაზოგს. მოგეხსენებათ, ელექტრომანქანა დაახლოებით, 6-ჯერ, 7-ჯერ უფრო იაფია ექსპლუატაციაში, როგორც საწვავის, ასევე სერვისის მხრივ. ამას მომხმარებელი ძალიან მალე მიხვდა და შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა.
წელს გაიზარდა კორპორატიული მომხმარებელიც. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის როგორც მსუბუქი ელექტრომანქანების, ასევე სატვირთოების მიწოდებას და რაც მთავარია - სწრაფი დამტენების ჩვენს ქსელში მათ ჩართვას ან მათ ტერიტორიაზე სწრაფი დამტენების მოწყობას.
ალბათ, ადვილად შესამჩნევია, რომ ქალაქში მომრავლდა მაგალითად, ელექტრო ტაქსები. ჩვენ რამდენიმე დიდ ტაქსოპარკს ვამარაგებთ ელექტრომანქანებით. ასევე სამედიცინო სფეროს და სადისტრიბუციო კომპანიებს - ისინი ეტაპობრივად გადადიან ელექტრომანქანებზე“, - აცხადებს ტატო მიროტაძე BMG-სთან.
მისივე თქმით, ელექტრომობილების რაოდენობის მატებასთან ერთად, ვითარდება დამტენი სადგურების ქსელიც. Solar Auto ბრენდ Solar Station-ის სახელით საქართველოში 20-მდე სწრაფ დამტენს ფლობს და ავითარებს.
ტატო მიროტაძის ინფორმაციით, უახლოეს კვირებში, კომპანია მნიშვნელოვან პროექტს დაასრულებს - ზესტაფონთან, ავტობანზე, პირველი ულტრასწრაფი დამტენი სადგური გაიხსნება, სადაც ერთდროულად 16 ავტომობილის დამუხტვა იქნება შესაძლებელი.
“ზოგადად, Solar Auto საქართველოში BYD-ის ბრენდის 57 მოდელს წარმოადგენს და BYD გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა კატეგორიაში ვიყოთ წარმოდგენილები. ის, რომ BYD როგორც ბრენდი დამკვიდრდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, არის ფასისა და ხარისხის ურთიერთმიმართება.
გასულ წელს თუ შევადარებთ წლევანდელ პირველ კვარტალს, მოთხოვნა უკვე 100%-ით არის გაზრდილი. ამ ტემპით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში წლის ბოლომდე, 12 000 ელექტრომანქანა შემოვა“,- ამბობს ტატო მიროტაძე.
ელექტრომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა და წელს, 5 თვეში 69 მლნ დოლარს გადააჭარბა. ჯამში, იანვარ-მაისში საქართველოში 5000-მდე ერთეული ელექტროავტომობილის იმპორტი განხორციელდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები აშშ, ჩინეთი, გერმანია და იაპონია არიან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის მაჩვენებელი რაოდენობრივად 56%-ით არის გაზრდილი.




























