მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორპორაციის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა - ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სახით თვისობრივად ახალი ინსტიტუტი იქმნება, რომლის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა და უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მის კომენტარს უწყება ავრცელებს.

„ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ან მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კორპორაციაში მოხდება დღეისთვის სახელმწიფოს ხელთ არსებული, ეკონომიკის განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის შექმნილი ყველა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტრუმენტის თავმოყრა", - განმარტავს ნადარეიშვილი.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, სააგენტო "აწარმოე საქართველოშის" გაფართოების საჭიროება დადგა. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე იქმნება, ასევე მასში მოხდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.

„ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე და იმ ამოცანების განსახორციელებლად, რომლებიც დასახულია კონკრეტული მიმართულებებით - იქნება ეს კაპიტალის ბაზრის განვითარება, ენერგეტიკა თუ ეკონომიკური პოლიტიკის სხვა პრიორიტეტული საკითხები, დღის წესრიგში დადგა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მანდატის მნიშვნელოვანი გაფართოება და ინსტიტუციური გარდაქმნა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი სწრაფად წარიმართება. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი ინსტიტუციის შექმნის პროცესი ძალიან აქტიური კომუნიკაციის პირობებში მიმდინარეობს - მათ შორის კერძო სექტორთან მთელ რიგ ცვლილებებზე, რაც აღნიშნული მიმართულებითაა დაგეგმილი.



მთავრობა, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე ახალ ინსტიტუციას ქმნის. თუმცა მისი სახელი არა „ეკონომიკის განვითარების ბანკი“ იქნება, როგორც წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, არამედ მას „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ ეწოდება.

როგორც დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე შექმნილი ახალი ინსტიტუცია საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციებსაც შეითავსებს. ის აქცენტს კონკრეტულ დარგებზე გააკეთებს, როგორც კობახიძემ თქვა ერთ-ერთი ასეთი ენერგეტიკა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები