"[კორუფციასთან ბრძოლის სახელით] ირაკლი კობახიძის დაჯგუფება რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს" - ასე აფასებს „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე „ქართული ოცნების“ მოქმედი მთავრობის მიერ ბოლო თვეებში კორუფციული ფაქტების გამოვლენას და ამავე მთავრობის ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მმართველი გუნდი კორუფციის თემას იყენებს შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და საზოგადოებრივი განწყობების მანიპულაციისთვის და თავისი მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონები, რომლის შედეგად არაერთი მედიასაშუალება და კორუფციის მკვლევარი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დახურვის პირასაა.
„პირველი მიზანია, შიდა პოლიტიკური გარჩევები - ბიძინა ივანიშვილის კარზე ღარიბაშვილის კლანის და წინა ჯგუფების ბოლომდე ჩარეცხვა. მეორე მიზანია, საზოგადოებისთვის შოუს დადგმა, თითქოს ისინი უკეთესები ხდებიან და კორუფციას ებრძვიან.
ხელისუფლების ნაბიჯების თანმიმდევრობა თავად ამხელს მათ მიზნებს და გეტყვით, რას ვგულისხმობ - თუ მართლა კორუფციას ებრძვი, ჯერ კორუფცია უნდა გამოავლინო, აღმოფხვრა დაიწყო, და არა ის, რომ წინასწარ ჩახერგო ისინი, ვინც ამ პრობლემებს გაჩვენებს. ის, რასაც „ოცნება“ აკეთებს, არ არის კორუფციასთან ბრძოლა - ეს არის შურისძიება მედიასა და სამოქალაქო სექტორზე, ვინც რეალური პრობლემები აჩვენა“, - ამბობს ის.
ირაკლი აბესაძის თქმითვე, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კამპანია არ ნიშნავს რეალურ სისტემურ გარდატეხას, რადგან ის ინსტიტუტები, რომლებიც უნდა ახორციელებდნენ კონტროლს - აუდიტის სამსახური, პროკურატურა და სასამართლო, პოლიტიკური კლანის გავლენის ქვეშ არიან.
„როდესაც იგივე მერები რჩებიან თანამდებობებზე, იგივე საკრებულოები, იგივე კლანები, ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეცვლილა. ხაშურში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 5 მილიონის მილსადენების მოპარვისთვის დაიჭირეს, მაგრამ თავმჯდომარე იგივე დარჩა. ეს რა ბრძოლაა?! - კითხულობს ირაკლი ხმალაძე.
„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა კორუფციასთან ბრძოლის სახელით მიმდინარე კამპანიის მოტივებზე საუბრისას ასევე ახსენა პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, გარკვეული ფინანსური რესურსების მობილიზებას, მათ შორის ე.წ. „შავი სალაროებიდან“.
„ივანიშვილი ხედავს, რომ ფინანსური რესურსი ელევა. ავტოკრატიულ რეჟიმს ბევრად მეტი ფული სჭირდება შესანარჩუნებლად, ვიდრე დემოკრატიულს... ამიტომაც ახლა ცდილობენ, შავი ფული როგორმე ეკონომიკაში დააბრუნონ“, - ამბობს ირაკლი ხმალაძე და იქვე დასძენს, რომ მიმდინარე პროცესი ჰგავს პუტინის რეჟიმის მიერ გამოცხადებულ „კორუფციასთან ბრძოლას“, რომელიც იმავე მიზეზით - ეკონომიკური კრიზისით დაიწყო.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ირაკლი ხმალაძეს არ სჯერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კორუფციის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა დაიწყო, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ არსებული შერჩევითი მიდგომაა. მაგალითად, კორუფციის მკვლევარს უკვირს, ამ დრომდე რატომ არაა დაჭერილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ან კიდევ რატომ გაუშვეს სახლში ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი პრემიერი, რომელსაც სახლში 6 მლნ დოლარი ედო.
"ვინმეს სჯერა, თუნდაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ $6 მილიონი გაათეთრა და ექვსვივე მილიონი სახლში ედო და ელოდებოდა, პროკურატურა როდის მივიდოდა?!" - რიტორიკულ კითხვას სვამს ირაკლი აბესაძე.
„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მთლიანობაში, კორუფციის ის მასშტაბი, რისი აღიარებაც მოუწია ირაკლი კობახიძის რეჟიმს, გამაოგნებელია.
„მათი საქმიანობის მთავარი არსი იყო მოპარვა, ქურდობა და კორუფცია. ხანდახან გაახსენდებოდათ გზის დაგება, ხანდახან ჯანდაცვის პროგრამები, მაგრამ მათი მთავარი საქმიანობა იყო ბიუჯეტის ძარცვა... მილიარდობით ლარი დაიხარჯა წლების განმავლობააში, მაგრამ შედეგი ფაქტობრივად, ნულოვანია. ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან, ინფრასტრუქტურა უხარისხოდ შენდება და მალევე ფუჭდება. ეს ყველაფერი იმ მმართველობის შედეგია, რომლის არსიც იყო ფულის მოპარვა... საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზეც კი გვითხრეს, რომ თურმე ფულს იპარავდნენ. ხიდი დაინგრა იმიტომ, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ზედამხედველი მოქრთამული იყო და ადამიანების სიცოცხლეს რისკავდნენ“, - ამბობს ირაკლი აბესაძე.




























