კოსმოსური ტურიზმის ერთ-ერთი პიონერი Virgin Galactic-ი გახდა ამ სფეროს პირველი კომპანია, რომელმაც საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის IPO-ს ანუ აქციათა პირველად შეთავაზებას მისი დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონიც დაესწრო. Virgin Galactic-ის აქციების ფასი გახსნიდან, რამდენიმე წუთში 6%-ით გაიზარდა, ამ დროისთვის ერთი აქციის ღირებულება $11.15-ია. გასაყიდად მთლიანობაში კომპანიის 49% გაიტანეს.
Virgin Galactic-ი 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი პიონერია კოსმოსური ტურიზმის სფეროში. კომპანიამ უკვე გაყიდა ორბიტალური ფრენის ბილეთები 603 მომხმარებელზე, ერთი ბილეთის ფასი 250 000 დოლარია. Virgin Galactic-ი კოსმოსში პირველ ტურისტულ ფრენას 2020 წელს გეგმავს. ტურისტები იქ 10 წუთს გაატარებენ, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან. Virgin Galactic-ი ამ დროისთვის პროექტის ბოლო ეტაპზეა, უკვე ჩატარდა ორი საცდელი ფრენა, რომლებიც წარმატებით წარიმართა.
Virgin Galactic-ის მთავარი კონკურენტები არიან: Blue Origin-ი და SpaceX-ი, რომლებიც ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს ეკუთვნით.
2019 წლის 18 ოქტომბერს Virgin Galactic-ის დამაარსებელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა, კოსმოსში მოგზაურების მსურველთათვის სპეციალური ტანსაცმელი წარადგინა, რომელსაც ამერიკული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Under Armor- შეკერავს.
"კოსმოსური ტანსაცმლის სისტემა შედგება ძირითადი კომპლექტისგან, კოსმოსური კოსტიუმებისგან, ფეხსაცმლისგან, სავარჯიშო კოსტიუმისა და ასტრონავტების ქურთუკისგან", - განმარტეს Virgin Galactic– ში. კომპანია ასევე მიუთითებს, რომ კოლექციის შემუშავებაში ექიმები, ასტრონავტების ინსტრუქტორები, მფრინავები და ინჟინრებიც მონაწილეობდნენ.