Reuters-ის ცნობით, მსოფლიოს აქტივების უმსხვილესმა მმართველმა BlackRock Investment Institute-მა ამერიკულ აქციებზე საკუთარი პოზიცია ნეიტრალურ ნიშნულამდე შეამცირა და უპირატესობა მოკლევადიან სახაზინო ობლიგაციებს მიანიჭა.
როგორც ირკვევა, სტრატეგიულ დოკუმენტში ანალიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების ირგვლივ მოსალოდნელი მერყეობის მართვის აუცილებლობით ახსნეს.
სპეციალურ ანგარიშში ინსტიტუტის ხელმძღვანელ ჟან ბუავენი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი საფონდო ბაზრის მიმართ გამოჩენილ სიფრთხილესა და ამერიკული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, როგორც საიმედო აქტივის, მიმზიდველობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ანალიტიკურმა ცენტრმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების მიმართ თითქმის ექვსწლიანი პესიმისტური პოზიციაც შეცვალა. კომპანიის ექსპერტებმა პორტფელში მოკლევადიანი ქაღალდების წილი გაზარდეს, რადგან ფედერალური რეზერვის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინები გადაჭარბებულად მიიჩნიეს.
რაც შეეხება გრძელვადიან ამერიკულ ფასიან ქაღალდებს, ორგანიზაციამ მათ მიმართ ნეიტრალური მიდგომა აირჩია. პარალელურად, ანალიტიკოსებმა იაპონიის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით უარყოფითი განწყობა შეარბილეს, ვინაიდან საინვესტიციო რისკისა და სარგებლის თანაფარდობა გაუმჯობესდა.
ცნობისთვის, BlackRock-ი მსოფლიოში აქტივების უმსხვილეს მმართველად მიიჩნევა.
























