თბილისში, კოსტავაზე ქათმის პირველი რესტორანი "წიწილა" გაიხსნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ მარხულიამ BM.GE-სთან განაცხადა.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ობიექტში მომხმარებელს გარდა გრილზე მომზადებული მთლიანი ქათმისა, ასევე ქათმისგან დამზადებული პროდუქტების ნაირსახეობას სთავაზობს.
მისი ინფორმაციით, "წიწილა" ნულიდან დაწყებული ბიზნესია, რომლის მიმდინარე წელს უკვე ბრენდად ქცევა იგეგმება.
"ადამიანს თუ უნდა ქათამი ან ქათმისგან დამზადებული პროდუქტი, მაშინ "წიწილაში" უნდა მოვიდეს. ჩვენი მთავარი პროდუქტი, რასაც ჩვენ ვყიდით, ეს არის ქათამი გრილზე. ჩვენ გვაქვს აპარატი ჩამოტანილი, რომელიც ქათამს გრილზე, ზეთის გარეშე ამზადებს. ანუ, ჩვენ ვყიდით ქათმისგან დამზადებულ პროდუქტებს, ეს იქნება ლანჩბოქსები თუ სხვა პროდუქტები და ასევე ვყიდით მთლიან ქათამსაც. ასევე, გვაქვს fast food მიმართულებაც, ხრაშუნა ბარკლების სახით.
მომხმარებელს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეშიც შეუძლია განთავსება. ჯამში კი, სივრცეში 45-მდე ადამიანის განთავსება შეგვიძლია.
რაც შეეხება რეალიზაციას, ამჟამად მხოლოდ ადგილზე ვახდენთ პროდუქციის რეალიზაციას. გვაქვს ძალიან მეგობრული ფასები და უზარმაზარი ულუფები. სულ მალე კი მიტანის სერვისი დაგვემატება და "ვოლტისა" და "ბოლტის" საშუალებით მოვახდენთ პროდუქციის მიწოდებას",- აცხადებს მარხულია.
მისივე ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ახალი გახსნილები არიან, ობიექტზე დაინტერესება ძალიან მაღალია, რის ერთ-ერთ მიზეზად კომპანიის დამფუძნებელი ექსტერიერის სიფერადეს ასახელებს. ობიექტი 8 ადამიანს ასაქმებს, თუმცა კადრების დამატება კვლავ მიმდინარეობს.