მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წიწილამ“ მარჯანიშვილზე ახალი ფილიალი გახსნა – ინვესტიცია ₾200 000

წიწილა

ქართული სწრაფი კვების ობიექტმა „წიწილა“ მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალი ფილიალი გახსნა, რომელიც უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებს. აქამდე კომპანია მომხმარებელს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ფილიალიდან ემსახურებოდა. კომპანიაში ამბობენ,რომახალი ლოკაციით „წიწილამ“ გაფართოების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა მარიამ მარხულიამ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მარჯანიშვილზე მეორე ფილიალის გახსნა კოსტავას ქუჩაზე მდებარე ობიექტის სტაბილური და მაღალი დატვირთვის ლოგიკური გაგრძელება გახდა. მისივე განმარტებით, გაფართოებამდე კომპანიამ სატესტო ფორმატში უკვე გამოცადა სეზონური ფილიალი მთაწმინდაზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებდა. სეზონის დასრულების შემდეგ აღნიშნული ობიექტი დაიხურა, რის შემდეგაც „წიწილამ“ უკვე სრულფასოვანი, მეორე მუდმივი ფილიალის გახსნაზე დაიწყო მუშაობა.

მარხულიას თქმით, კოსტავას ფილიალმა გაყიდვების პიკს მიაღწია და ამ მაჩვენებელს ერთ წელზე მეტია ინარჩუნებს, რაც კომპანიას განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ და ოპერაციულ საფუძველს აძლევს.
„კოსტავას ფილიალი სრულად დასტაბილურდა და, შეიძლება ითქვას, ვაჭრობის პიკს მიაღწია, რომელსაც უკვე ერთ წელზე მეტია სტაბილურად ვინარჩუნებთ. სწორედ ამ ინტერესმა მოგვცა საშუალება, რომ მეორე ფილიალის გახსნაზე გვეფიქრა“, – აცხადებს მარიამ მარხულია.

მისი ინფორმაციით, ახალი ფილიალისთვის შესაბამისი ლოკაციის მოძიება კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პროცესი აღმოჩნდა. მარიამ მარხულიას თქმით, სივრცის შერჩევას დაახლოებით 10 თვე დასჭირდა, რადგან სწრაფი კვების ობიექტისთვის სწორ ადგილმდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„გვჭირდებოდა ძალიან ხალხმრავალი ადგილი, სადაც იქნებოდა ოფისები, სასწავლო დაწესებულებები და უმეტესად ქართველი მომხმარებელი. საბოლოოდ გაგვიმართლა და მარჯანიშვილზე, ნოდარ დუმბაძის თეატრის მოპირდაპირე მხარეს, იდეალური სივრცე ვიპოვეთ“, – განმარტავს ის.

მარჯანიშვილის ფილიალის გახსნაში კომპანიამ დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია ჩადო. ფართი თავიდან არ იყო გარემონტებული, თუმცა სარემონტო სამუშაოები, ობიექტის მოწყობა და პერსონალის დაკომპლექტება მოკლე ვადაში განხორციელდა.

"წიწილას"თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანია ჯამში 50-მდე ადამიანს ასაქმებს. „წიწილა“ სრულად საკუთარ წარმოებაზეა ორიენტირებული - პროდუქცია პურიდან დაწყებული, სოუსებითა და ხორცის დამუშავებით დასრულებული, თავად კომპანიის საწარმოში მზადდება.
„ფასები არ გაგვიზრდია, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის ღირებულება მუდმივად იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სენდვიჩი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს, თუმცა ეს ბიზნესისთვის საკმაოდ რთულია“, – აცხადებს მარიამ მარხულია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე ძირითადი ყურადღება მარჯანიშვილის ფილიალის დასტაბილურებასა და ორი მოქმედი ობიექტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეა მიმართული. მიუხედავად ამისა, „წიწილა“ გაფართოებას მომავალშიც გეგმავს. მესამე ფილიალის გახსნა 2026 წელს განიხილება, თუმცა არა ცენტრალურ უბანში, რადგან კომპანიის მიზანია, მომსახურება თბილისის სხვადასხვა რაიონს შესთავაზოს და ხელმისაწვდომი გახდეს უფრო ფართო აუდიტორიისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები