ბახმაროში მდებარე ტურისტული ობიექტების „კოტეჯები ბამაროში“ დამფუძნებელი დავით ჩხაიძე BM.GE-სთან ტურისტულ სეზონს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, რეგიონში ივლისი - აგვისტოს თვე განსაკუთრებით დატვირთულია. ძირითადად ადგილობრივი სტუმრები სტუმრობენ, თუმცა ტურისტებსაც აქტიურად მასპინძლობენ.
„ბახმაროში ძალიან აქტიურია ივლისი - აგვისტოს პერიოდი. 2017 წლიდან დავიწყებთ ოპერირება და ამ ეტაპზე, 3 კოტეჯი გვაქვს. კოტეჯებში დასასვენებლად ძირითადად ოჯახები ჩამოდიან. მეტწილად ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა გვყავს უცხოელი სტუმრებიც. თითოეულ კოტეჯში 4-5 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი და მასში განთავსება ივლისში 250 ლარი, ხოლო აგვისტოში 350 ლარი ღირს. მეორე შემთხვევაში, გვაქვს ორ სართულიანი კოტეჯი, სადაც დღიურად 1 ადამიანის განთავსება 30 ლარითაა განსაზღვრული.
სულ მალე საოჯახო ტიპის სასტუმროს გახსნას ვგეგმავთ, სადაც ჯამში 20 ადამიანის მასპინძლობა უნდა შევძლოთ. სასტუმრო უკვე აშენებულია, თუმცა ამ ეტაპზე, კომუნიკაციების გაყვანის ეტაპზე ვართ. საერთო ჯამში, ახალი საოჯახო სასტუმროს ასაშენებლად და გასახსნელად, ჯამში 150 000 ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ",- აცხადებს ჩხაიძე.
მისივე ცნობით, ბახმარო წლიდან წლამდე ვითარდება, შესაბამისად მოთხოვნაც მზარდია. თუმცა, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ შიდა გზები რეგიონისთვის კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა. ამასთან, ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი ორბის პროექტზე საუბრობს, რაზედაც ამბობს, რომ ყველას თავისი მომხმარებელი ეყოლება, რაც მათ კონკურენტულ პირობებში არ მოაქცევთ.