მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, მთავარია, რა იქნება პიკური მაჩვენებელი - ჩხაიძის პროგნოზი

61dd45437594f
მარიამ ადამია
11.01.22 22:30
430
“ომიკრონის შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე აქამდე ფიქსირდებოდა”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ეპიდემიის მართვის გამოცდილება პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ორწლიანი მუშაობის შედეგად უკვე მიღებული აქვს, თუმცა კორონავირუსის დელტა შტამისგან განსხვავებით, ომიკრონის შემთხვევა განსხვავებულია.

“დელტა შტამის გავრცელების დროს აქცენტი კეთდებოდა სტაციონარულ სერვისზე, რადგან მთავარი დატვირთვა ჰოსპიტლებზე მოდიოდა. გვჭირდებოდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი და ყოველდღიურად ხდებოდა კონტროლი, თუ რამდენი თავისუფალი ხელოვნური სუნთქვის აპარატი იყო. ომიკრონის შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია, რადგან ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაბალია, შესაბამისად ძირითადი დატვირთვა იქნება უფრო პირველად ჯანდაცვაზე, ვიდრე სტაციონარულ მომსახურებაზე, რადგან პაციენტების უდიდესი ნაწილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იქნება. მათ დასჭირდებათ ბინაზე კონსულტირება და მეთვალყურეობა”, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში მეექვსე ტალღა უკვე დაწყებულია და ინფიცირების რაოდენობა განსაკუთრებით იანვარშია მოსალოდნელი.

“ახლა მთავარია რა გვექნება პიკური მაჩვენებელი და ამის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, აქვს თუ არა ქვეყანას შესაძლებლობა გაუმკლავდეს ინფიცირების ასეთ სერიოზულ მატებას”, - ამბობს ჩხაიძე.

მან გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირების ფაქტებზეც ისაუბრა, რომელიც გაზრდის რისკებს, თუმცა წინასწარი პროგნოზებით, ეს მაჩვენებელი დიდი არ იქნება.

ინფორმაციისთვის, გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, მიმდინარე სეზონზე გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს, რაც ადვილი ასახსნელია, რადგან შარშან ზამთარში „ლოქდაუნი“ მოქმედებდა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იყო ამოქმედებული. ამიტომაც გასულ წელს მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 15. იაშვილის კლინიკაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას წარმოადგენს, 2018-2019 წლის სეზონზე, მარტო 1 კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა 15-20 შემთხვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები