მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოვიდ“ პროგრამის ფარგლებში თითოეული თეთრის ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს - ევექსი ჰოსპიტლები

63407778660ae
ალა ისპირიანი
07.10.22 23:00
811
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკებს შეიძლება COVID-19-ის პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწიოთ.

მინისტრის განცხადებით, კლინიკებთან დაკავშირებით სამინისტროს სულ სამი პრობლემური საკითხი აქვს. აქედან პირველი იყო ექიმებისა და ექთნებისთვის განკუთვნილი დანამატების არამიზნობრივად გამოყენება, მეორეა ინფექციის კონტროლი პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში, მესამე კი პანდემიის დროს გადარიცხული მილიონი ლარის არამიზანმიმართულად დახარჯვა.

ევექსი ჰოსპიტლების დირექტორის მოადგილე ნინო ქორთუა ამბობს, რომ მათი მთავარი პრინციპი პროგრამებში კეთილსინდისიერი მონაწილეობაა და მათ შემთხვევაში კითხვის ნიშნები არ არსებობს.

როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტა მინისტრის ასეთი განცხადებები მათი პაციენტების კლინიკის მიმართ ნდობას უარყოფითად ვერ შეცვლის.

„სახელმწიფო პროგრამების და მათ შორის „კოვიდის“ პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ასიგნებები იხარჯებოდა და მის ხარჯვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, როგორც პროგრამის განმახორციელებს - ჯანდაცვის სამინისტროს ისე შემსრულებელს მართებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს „კოვიდ“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სერვისებთან და თუნდაც თითოეული თეთრის ხარჯვასთან დაკავშირებით.

განმახორციელებელს უფლება აქვს შეამოწმოს მის მიერ გადახდილი თანხები თუ რას და რამდენად ყაირათიანად და მიზნობრივად მოხმარდა. ძალიან ლეგიტიმური ინტერესებია და თუ რაიმე კითხვა არსებობს ამ საკითხის გარშემო ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ამ ტიპის პროგრამებისთვის დაინტერესება და დეტალური შემოწმება დამახასიათებელია.

ჩვენი მთავარი პრინციპია კეთილსინდისიერი მონაწილეობა პროგრამებში რასაც მრავალი წელია ვახორციელებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს გარკვეულ კითხვისნიშანებს უჩენს მსგავსი საკითხები, თუმცა გვჯერა ჩვენი პაციენტები ევექსთან მიმართებით შთაბეჭდილებას ჩვენთან მიღებული სერვისით იქმნიან და იმითი თუ, როგორ მოვეპყრობით მათ“, - ამბობს იგი.

ნინო ქორთუა ევექსი ჰოსპიტლების დირექტორის მოადგილე იურიდიული და რისკების მიმართულებით არის, ამიტომ კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შექმნილ სიტუაციას იურიდიული მიმართულებითაც აფასებს.

„ამ პროგრამას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი დადგენილება არეგულირებს, რომელშიც გარდა იმისა, თუ რა იფარება პროგრამით, როგორია ანაზღაურების წესი ჯარიმებით არის გათვალისწინებული, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ დარღვევები გამოვლინდება ჯანდაცვის სამინისტროს უფლება აქვს ის თანხები, რომელიც მან გადაიხადა (კონკრეტულ პაციენტთან მიმართებით გამოვლენილ დარღვევას ვგულისხმობ), ამ თანხის სრულად უკან დაბრუნება სამედიცინო დაწესებულებისგან მოითხოვოს. ამავდროულად დამატებით 10%-იანი ჯარიმის გამოყენებაც შეუძლია. ეს ის სადამსჯელო მექანიზმია, რომელიც განმახორციელებელს შეუძლია ადმინისტრაციული წარმოების პირობებში გამოიყენოს თუ იკვეთება დარღვევები. თუ იმის გონივრული ეჭვია რომ ამ დარღვევების პირობებში რაიმე სხვა განზრახვას, სხვა უფრო მაღალი ხარისხის არაკეთილსინდისიერებას ჰქონდა ადგილი განმახორციელებელს შეიძლება უფრო მეტი კითხვები გაუჩნდეს და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს საქმე მოკვლევისთვის გადასცეს“, - ამბობს ნინო ქორთუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები