კრაფტ ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Bayo Brewery წარმოება გააათმაგა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მარუაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიამ ჩინეთიდან ახალი საწარმოო დანადგარები შეისყიდა, რის შესაძენადაც 75 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„უკვე 3 თვეა, რაც მუშაობს საწარმო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოება გავაათმაგეთ. ამ საწარმოს შესაძენად, დაახლოებით 75 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ“, - თქვა მან და დასძინა, რომ პირველ ეტაპზე, საწარმოო სიმძლავრეების სრული ათვისება არ ხდება.
რაც შეეხება მოთხოვნას, კომპანიას წლიურად 10%-მდე გაყიდვების ზრდა უფიქსირდება, რაზედაც მარუაშვილი ამბობს, რომ ასეთი მცირე ზრდა საწარმოს გადაიარაღების პროცესში დაპაუზებული წარმოების ბრალი იყო. ამ პერიოდში კომპანია სრულად მარაგებს ყიდდა: „პიკურ პერიოდში, ივნისსა და ივლისში ფაქტობრივად არ გვიმუშავია, რამაც აღნიშნული შედეგი დადო“, - თქვა მან.
Bayo Brewery-მ წარმოებაში ახალი პროდუქტის ხაზიც დაამატა - სარაჯიშვილის კასრში დაძველებული ლუდი, რომელიც, მარუაშვილის თქმით, უკვე სრულად გაიყიდა.




























