მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრეატიული ინდუსტრია საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“ - სერგი გვარჯალაძე

633c632087e70
ალა ისპირიანი
04.10.22 20:40
785
საინვესტიციო ფონდი KETTARI-ის განვითარების დირექტორის სერგი გვარჯალაძის მოსაზრებით, კრეატიული ინდუსტრია საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით განვითარების ყველა მონაცემი აქვს.

„ვფიქრობ, ომის ვითარებამ დიდი აქცენტი ამ ინდუსტრიაზე გააკეთა, რადგან ყველა ხვდება,რომ მსოფლიო ისტორიაში რაღაც გარდატეხის მომენტია. აქედან გამომდინარე ეს ინდუსტრია ყველაზე ეფექტური პოსტ-ომის პერიოდში იქნება. ეს არის ინდუსტრია, რომელიც მშვიდობიანი, პრაგმატული და ადამიანის ფიქრებზე, შემოქმედებით პროცესებზეა დაყრდნობილი.

ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ვფიქრობ, ეს კარგი გამოსავალია, რადგან ჩვენ არ გვაქვს მკვეთრად გამოკვეთილი მძიმე ინდუსტრია, მაგრამ გვყავს ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ და აქვთ ფანტაზიის უნარი და გარკვეული კულტურული "ბეგრაუნდი" - საქართველოს ნამდვილად აქვს საკმაოდ სერიოზული კულტურული "ბეგრაუნდი". აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული წვდომა, რამდენიმე სხვა და სხვა ცივილიზაციასთან გვაქვს თუმცა, რაც ახლა გვჭირდება განათლება, მეტი ინფორმაცია და სხვა ქვეყნებთან მეტი კოლაბორაციაა“, - ამბობს გვარჯალაძე.

მან ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული სურათიც განიხილა და თქვა, რომ ახლა მეტი ინვესტიცია კრეატიულ ინდუსტრიაში ხდება.

„რაც შეეხება მსოფლიო მდგომარეობას, უფრო მეტი ინვესტიცია კრეატიულ ინდუსტრიაში ხდება. მაგალითს მოგიყვან Netflix-სს, რომელიც ჩვეულებრივი კომერციული ორგანიზაციაა იგი ნიგერიული კრეატიული ინდუსტრიის დაფინანსებას იწყებს. ეს არის, როგორც კინო, ისე IT ინდუსტრია, რომელიც საკმაოდ მძლავრია ნიგერიაში. ლაგოსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია რეგიონში და ჩვენი მიზანიც ესაა, რომ აქეთა რეგიონშია ასეთივე ცენტრი გავხდეთ, ამის ყველანაირი მონაცემი გვაქვს. არის უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც ენერგია და პოტენციალი აქვს, რომ სიახლეები შემოგვთავაზოს“, - ამბობს იგი.

ცნობისთვის: KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყნის, 4 კონტინენტზე ოპერირებს და საქართველოში ფართომასშტაბიან საქმეს უყრის საფუძველს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს, განვითარების საწყის ეტაპზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები