მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრემლი კვლავ ამტკიცებს, რომ ნავალნი ბუნებრივი გზით გარდაიცვალა - პესკოვი ევროპულ დასკვნას გამოეხმაურა

პოლონეთი

რუსეთის ხელისუფლება ევროპის 5 სახელმწიფოს მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სამედიცინო დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი სამხრეთ ამერიკული მომაკვდინებელი ბაყაყის შხამით მოწამლეს.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კატეგორიულად უარყო ბრალდება, თითქოს გარდაცვლილი პატიმრის სიკვდილში სახელმწიფოს რამე ბრალი მიუძღვის. მან გასაჯაროებულ დასკვნას მიკერძოებული და მტკიცებულებებისაგან დაცლილი უწოდა და თქვა, რომ ოფიციალური მოსკოვი ევროპული სახელმწიფოების ვერდიქტს არ იზიარებს.

"ცხადია, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გაჟღერებულ ბრალდებას და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მის ვერდიქტს. ჩვენ ამ დასკვნას მიკერძოებულად და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ." - თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 2 წლის თავზე ევროპის 5 სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და შვედეთის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც რუსული ოპოზიციის წამყვანი ფიგურის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი არა ოფიციალურად გაჟღერებული ბუნებრივი მიზეზები, არამედ მოწამვლა გახდა. კერძოდ, დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს ისეთი შხამით, რომელიც მორფინზე 200-ჯერ მძალვრია და იწვევს ადამიანის სასუნთქი სისტემების პარალიზებასა და მოხრჩობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები