მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი აჭარაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - TI

6482e5ccd74c4
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.23 12:46
3136
აჭარის მუნიციპალიტეტებში, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი” მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

მათი ცნობით, ჯამში, 2013 წლიდან დღემდე „სევერმა” 4,979,714 ლარი მიიღო, საიდანაც 99%-ზე მეტი თანხა, გამარტივებული შესყიდვების, უკონკურენტო ტენდერების ან სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე დაერიცხა.

TI-ის ინფორმაციითვე, „სევერის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები კომპანია „სევერი” (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბერში კომპანიის 30-30% რუსეთის მოქალაქეებმა ანდრეი ბალაშოვმა და ილდარ ნევეროვმა შეიძინეს. 2012 წელს კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვალერი ლიტვინენკო იყო, შემდეგ - ესტონეთის მოქალაქე ალიას გუნარი, ხოლო ბოლო, 2022 წლის ნოემბრის ცვლილებებით, ჯემალ გოგიტიძე გახდა. ამავე ცვლილებით, ილდარ ნევეროვმა თავისი წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს, რომელიც დღეს კომპანიის 90% წილს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი უკრაინის მოქალაქე კირილო ნოვაკია.

2022 წლის ნოემბერში ილდარ ნევეროვმა თავისი 50% წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს საქართველოში რეგისტრირებულ კიდევ ერთ კომპანიაში. შპს „ტიორი” („Tyor”) ნევეროვმა და ბალაშოვმა 2011 წლის აპრილში დააფუძნეს, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ, სპეციალურ ავტომანქანას „სევერი” სწორედ ამ კომპანიისგან ქირაობდა. შარშან ნოემბერში ნევეროვი „ტიორის” დირექტორობიდანაც გადადგა. ნევეროვმა და ბალაშოვმა მანამდე კვიპროსზე დააფუძნეს მსგავსი სახელწოდების ოფშორული კომპანია - Tyor Commercial Inc., რომლის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმის (ICIJ) ბაზაში იძებნება. საქართველოში მათ „ტიორი” იმავე მისამართზე დაარეგისტრირეს, რომელზეც რამდენიმე კვირით ადრე „სევერი” დაფუძნდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ილდარ ნევეროვის ვინაობის შესახებაც წერენ, რომელიც მათი ინფორმაციით, ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საკითხების საზოგადოებრივი ბიზნეს-ომბუდსმენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ მეწარმეთა დაცვის საბჭოს რწმუნებულის აპარატში. „ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბორის ტიტოვი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ დასანქცირებულ პირთა შორისაა. ამავდროულად, ნევეროვი 2010 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის” საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ამავე ორგანიზაციის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარეა. “Საქმიანი რუსეთი” მუდმივმოქმედი ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც პერიოდულად იწვევს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სტრატეგიაზე სასაუბროდ.

დღეს ნევეროვი არის რუსული სახელმწიფო კომპანიის, Arktikugol-ის დირექტორი. ეს კომპანია მუშაობს არქტიკის განვითარების პროგრამაზე, მოიპოვებს ქვანახშირს შპიცბერგენის არქიპელაგზე და ცდილობს მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდას მაშინ, როდესაც ეს პროდუქცია ნაწილობრივ სანქცირებულია. თუმცა ნევეროვის ბიზნეს ინტერესები მრავალმხრივია: სხვადასხვა დროს იგი საქმიანობდა რუსეთის მეორეული ლითონების ბაზარზე, მონაწილეობდა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოების მართვაში, იყო მურმანსკის საზღვაო კომპანიის გამგეობის წევრი, შედიოდა არქტიკისა და ჩრდილოეთის საზღვაო გზის განვითარების ჯგუფში.

საყურადღებოა, ის გარემოება, რომ ილდარ ნევეროვი იყო სააქციო საზოგადოება „ბანკ სპუტნიკის” დირექტორთა საბჭოს წევრი. ამ კომპანიას აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა 2022 წლის 27 მაისს სანქცია დაუწესა. ეს სანქცია რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო არ დაუწესებიათ და იგი გამოიწვია ბანკის ურთიერთობამ ჩრდილოეთ კორეასთან“, - აღნიშნავენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ომი და სანქციები” დასასანქცირებელ პირთა რიცხვში განიხილავს ილდარ ნევეროვის ბიზნესპარტნიორს, ნიკოლაი რუზავინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბურიატიის რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრი. Ნევეროვი და რუზავინი ერთად ფლობენ კვიპროსზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას - Siberia Metals Ltd, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე იძებნება გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ცნობილ საგამოძიებო პროექტში (Panama Papers, Pandora).

ილდარ ნევეროვი თბილისში, ი. ჭავჭავაძის #80-ში ფლობს 196 კვ.მ. Ბინას, რომელიც 2012 წლის მარტში შეიძინა.

TI-ს ცნობით, „სევერის” უკონკურენტო გამარჯვებები მუნიციპალურ შესყიდვებში დაფუძნებიდან მალევე, 2011 წლის 29 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „სევერს” უზუფრუქტით გადასცა ბათუმში, კახაბერის დასახლებაში 12,208 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 511 კვ.მ. 4 ნაგებობა იდგა. კომპანიამ სწორედ ამ ტერიტორიაზე მოაწყო ვოლიერები მიუსაფარი ცხოველებისთვის, მათ მოვლასთან და ევთანაზიასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 2013 წლიდან „სევერი” აქტიურად ჩაერთო მუნიციპალურ შესყიდვებში და როგორც აღმოჩნდა, დღემდე არის ცხოველთა მოვლის, სტერილიზაციის, ვაქცინირების და სხვა პროცედურების მიმწოდებელი უკონკურენტო კომპანია.

2014 წლიდან „სევერი” უკონკურენტოდ იგებს ბათუმის ნაგავსაყრელის ექსპლოატაციის მიზნით გამოცხადებულ მუნიციპალურ შესყიდვებსაც. აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც ეს კომპანია ემსახურება - მათ ბათუმის ნაგავსაყრელზე შემოაქვთ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შეკრებილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ეს ნაგავსაყარი ქალაქისთვის და შავი ზღვის სანაპიროსთვის ეკოლოგიურ საფრთხეს რომ წარმოადგენს, არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო დასკვნაშია ნახსენები. ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონი 2020 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ მისი გახსნაც ჭიანურდება.

2013 წლიდან დღემდე „სევერი” 73 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა, 69-ში გაიმარჯვა, მათ შორის 63-ში უკონკურენტოდ, 6-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ჯამში მან 4,816,286 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში კომპანიასთან 163,428 ლარის 39 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს. ერთი შემსყიდველი მუნიციპალიტეტი ზუგდიდი იყო, „სევერის” ყველა დანარჩენი კონტრაქტორი აჭარის მუნიციპალიტეტები ან/და მუნიციპალური იურიდიული პირები არიან.

2013-2023 წლებში სატენდერო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხა და კონკურენციის პირობები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:



2013 წელს გამოცხადებული პირველივე სახელმწიფო შესყიდვაში, რომელიც „სევერმა” უკონკურენტოდ მოიგო, ბათუმის მერიამ სატენდერო პირობები აშკარად მას მოარგო. ბათუმის მერიას არც ნაგავსაყრელის ექსპლოატაციის მიზნით გამოცხადებული პირველი ტენდერის დოკუმენტაციაში მოუთხოვია პრეტენდენტისთვის რაიმე ტექნიკური პირობის დაკმაყოფილება. ამ ტენდერშიც უკონკურენტოდ სწორედ „სევერმა” გაიმარჯვა. ამის შემდეგ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში „სევერმა” დაადასტურა შესაბამისი გამოცდილება და მუნიციპალური შესყიდვების ბაზარზეც უკონკურენტოდ იმარჯვებს.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებთან, განსაკუთრებით კი რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან, ილდარ ნევეროვთან დაკავშირებული კომპანია „სევერის” უპირატესი მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში, სატენდერო პირობების მასზე მორგება, კონკურენციის შეზღუდვა საგამოძიებო სტრუქტურების მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს“, - აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები