საბერძნეთში, კუნძულ კრეტასა და პელოპონესზე მძვინვარე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი მეხანძრე დაიღუპა. როგორც BBC წერს, კრეტაზე ძლიერმა ქარმა ცეცხლი სწრაფად გაავრცელა, რის გამოც რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. რეთიმნოს მთიან სოფელ კრია ვრისიდან ტურისტების ევაკუაციაც განხორციელდა.
კუნძულის დასავლეთ ნაწილში, რეთიმნოს რეგიონში, ორი მეხანძრე დაიღუპა. მესამე მეხანძრე კი სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეოსთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კრეტაზე რამდენიმე კერა თითქმის ერთდროულად გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ელვის სისწრაფით გავრცელდა. ყველაზე დიდი ხანძრის არეალი დაახლოებით 15 კილომეტრს აღწევდა.
ტყის ხანძრები საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც გაჩნდა, მათ შორის ეგეოსის ზღვის კუნძულებზე - პაროსსა და ლესბოსზე, ასევე ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტრიფილიასთან.




























