მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრიპტო მომავალი კი არა, დღევანდელობაა" - ქართული Coinmania საკუთარ ტოკენს გამოუშვებს

coinmania

ქართული კრიპტობირჟა Coinmania სულ მალე საკუთარ ტოკენს გამოუშვებს - კომპანიის სიახლეებზე "საქმიანი საღამოს" ეთერში მისმა დამფუძნებელმა, სულხან ჯაშმა და მარკეტინგის მენეჯერმა, ანა ნემსიწვერიძემ ისაუბრეს.

Coinmania-ს დამფუძნებლის განმარტებით, ახალი ტოკენის ფასს ბაზარი დაარეგულირებს და სამომავლოდ მისი საერთაშორისო ბაზრებზე განთავსებაც იგეგმება.

"ვფიქრობთ, რომ ტოკენი საინტერესო იქნება ასევე ინვესტორებისთვისაც, იმიტომ, რომ არ იქნება ე.წ. სტეიბლკოინი, მის ფასს ბირჟა დაარეგულირებს და მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ შეიძინონ, გაყიდონ, იყიდონ სხვადასხვა ფასად. ვფიქრობთ იმაზეც, რომ ტოკენი საერთაშორისო ბაზრებზეც, ბირჟებზეც განვათავსოთ", - ამბობს სულხან ჯაში.

ანა ნემსიწვერიძის თქმით, აღნიშნული ტოკენი Coinmania-ს სერვისების ერთგულ მომხმარებელს განსაკუთრებულ სარგებელს მისცემს.

"ძალიან მალე გამოვა ჩვენი ტოკენი, რომლის მთავარი სარგებელიც იქნება ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის მეტი ბენეფიტის შეთავაზება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა მომხმარებელი, ახალი იქნება თუ ძველი, მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებულად ის ხალხია მნიშვნელოვანი, ვინც ხშირად იყენებს ჩვენს სერვისს და ერთგულია - ნდობა კრიპტოინდუსტრიაში საერთოდ ყველაფერია. ამიტომ ისინი, ვინც გვენდობიან, ვინც ჩვენს აპლიკაციას აქტიურად იყენებს და ბევრი ტრანზაქცია ექნება, ამ ტოკენის მეშვეობით მიიღებენ მეტ სარგებელს", - ამბობს ანა ნემსიწვერიძე.

Coinmania-ს ტოკენი კომპანიის ერთადერთი სიახლე არ არის. სულ მალე კრიპტობირჟა საკუთარ აპლიკაციასაც გამოუშვებს და ვებგვერდსაც გააუმჯობესებს.

"ყველაზე მთავარი სიახლე, ალბათ, რაც წლის ბოლომდე გვექნება, ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები დიდხანს ელოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი სერვისი და პლატფორმა უკვე მორგებულია სმარტფონებზე, მაგრამ იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ჩვენი საფულით, რა თქმა უნდა, აპლიკაცია კიდევ უფრო ამარტივებს ამ პროცესს. განახლდება ჩვენი ვებგვერდიც, იმიტომ, რომ არის ხალხი, ვისაც ურჩევნია, რომ, როცა ფინანსებს ეხება საკითხი, კომპიუტერი გამოიყენოს. ჩვენი ვებიც უფრო დაიხვეწება და მოქნილი გახდება", - უთხრა Coinmania-ს მარკეტინგის მენეჯერმა "საქმიან საღამოს".

Coinmania საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს ვირტუალური საფულის (კრიპტოაქტივების ყიდვა-გაყიდვა-შენახვის) მომსახურებით. გუნდი სულ ახლახან დაბრუნდა კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღონიძიებიდან - TOKEN2049. ღონისძიება სინგაპურსა და დუბაიში ტარდება და ყოველწლიურად თავს უყრის კრიპტოინდუსტრიის ლიდერებს, ინვესტორებს, სტარტაპებსა და ინოვატორებს.

სინგაპურიდან ჩამოტანილ შედეგებსა და Coinmania-ს გუნდისთვის TOKEN2049-ზე დასწრების მნიშვნელობაზე, ანა ნემსიწვერიძემ ისაუბრა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი მხრივ, რომ ჩვენთვის ეს ბაზარი ძალიან საინტერესო და ახალია. ფაქტობრივად, აქ იქმნება ინოვაციები და შეგვეძლო, რომ უშუალოდ გვენახა და ცოდნა მიგვეღო. რა თქმა უნდა, ასევე შესაძლებლობა იყო, გაგვეცნო ახალი ადამიანები, პარტნიორების შესაძლებლობები გვენახა, ბაზარი შეგვესწავლა და რაც მთავარია, პირადად დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ ჩვენი კურსი და ჩვენი ხედვა სწორია. კრიპტო მომავალი კი არა, უკვე დღევანდელობაა, როცა ისეთი ხალხი ლაპარაკობს ამაზე, როგორიც ამერიკის პრეზიდენტია და ამერიკის მთავრობა ასეთ რეგულაციებს იღებს. გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიყავით", - ამბობს Coinmania-ს მარკეტინგის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები