მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოაქტივებში ინვესტირების გამო, ჰეჯ-ფონდი $670-მილიონიანი დეფოლტის წინაშეა

62b997b5486bf
გიორგი თოლორდავა
27.06.22 18:47
2650
კრიპტობირჟის დაღმასვლისა და ციფრული აქტივების მკვეთრი გაუფასურების ფონზე, სინგაპურში დაფუძნებული ჰეჯ-ფონდი - Three Arrows Capital (3AC) $670-მილიონიანი დეფოლტის წინაშეა.

3AC მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჰეჯ-ფონდია, რომელიც ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს კრიპტო, ციფრულ და სხვა შედარებით სარისკო აქტივებში ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 3AC-ის ამჟამად Voyager Digital-ის წინაშე $670-მილიონიანი ვალდებულება აქვს, რომლის ნაწილიც 24 ივნისს, ხოლო ვალის სრული მოცულობა დღეს, 27 ივნისს უნდა დაფარულიყო.

Voyager Digital-ის წარმომადგენლობის მტკიცებით, კონტრაქტით გათვალისწინებული ტრანზაქციები არ შემდგარა და ჰოჯ-ფონდს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც 3AC-ის დეფოლტის გამოცხადების საშუალებას იძლევა.

Three Arrows Capital-ის წინაშე არსებული პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო საფონდო ბირჟების დაღმასვლის პარალელურად უმსხვილესი კრიპტოაქტივების მკვეთრი გაუფასურებაა. შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთ წელიწადში ბიტკოინის ფასი $69,000-დან $20,000-მდე შემცირდა; ეთერიუმის ღირებულება კი $4,700-დან $1,000-მდე დაეცა.

ექსპერტების ვარაუდით, ძირითადი საინვესტიციო პორტფელის გაუფასურების ფონზე, კომპანიამ ვალის დასაფარად საჭირო თანხის მოზიდვა ვერ შეძლო, რის გამოც ის რთული ფინანსური მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ 3AC-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჟუ სუ კრიპტოენთუზიასტია, მას საჯაროდ არაერთხელ უთქვამს, რომ მომდევნო ათწლეულში ის ბიტკოინის ფასის $2.5-მილიონიან ნიშნულამდე ზრდას პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები